საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, პროცესის დაწყებისას მოსამართლის კითხვაზე "ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ" ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ტირილით უპასუხა: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ".
პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ წუთებში სასამართლოს ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აცნობს.
ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის ირმა ბრელიძის ინფორმაციით, დღეს დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობას დააყენებს. "ვიშუამდგომლებთ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი მაგდა პაპიძე პატიმრობაში იმყოფებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი განსაკუთრებით მძიმეა, საქმეში მტკიცებულებათა უკმარისობაა და აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს. არც არსებობს იმის საშიშროება, რომ მაგდა პაპიძე მიიმალება და ხელს შეუშლის გამოძიებას მართლმასაჯულების განხორციელებაში", - განაცხადა ადვოკატმა.
იხილეთ ვიდეო| პირველი კადრები მაგდა პაპიძის მიმდინარე სასამართლო პროცესიდან
ბრალდების მხარე კი მზად არის საქმეზე არსებითი განხილვა ჩაინიშოს. ამის შესახებ მაგდა პაპიძის საქმის პროკურორმა ელენე ჩხეიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებეზე იქნება მსჯელობა. სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს.
გარდა ამისა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე გადაწყდება, სურს თუ არა ბრალდებულს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. "მუხლი, რომლითაც მაგდა პაპიძე ბრალდებულად არის ცნობილი, ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის სურვილის შემთხვევაში საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ,"- განაცხადა პროკურორმა ელენე ჩხეიძემ.
ასევე იხილეთ: პირველი კადრები მაგდა პაპიძის მიმდინარე სასამართლო პროცესიდან
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, პროკურორის თქმით, ისინი ამას არ დათანხმდებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მაგდა პაპიძე გათავისუფლების შემთხვევაში მიიმალება ან ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეო: "თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - რა ხდება ამ წუთებში მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე