შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს. როგორც შსს-ში აღნიშნეს, ლევან მ.-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.