ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის ოთარ მამფორიას განცხადებით, სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად ჰკითხეს, თავად ხომ არ მოკლა მეუღლე, თუმცა შემდეგ ეს ვერსია თავადვე გამორიცხეს. ამის შესახებ მამფორიამ ჟურნალისტებს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, სახლში დაბრუნებისას განუცხადა. მამფორიას განმარტებით, მან გუშინ დილით უფროსი ბავშვი სკოლაში წაიყვანა, ხოლო მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი შვილი სახლში, მძინარეები დატოვა.
მამფორიას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი იყო, რომ მოხდა ყაჩაღობა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ფული სახლშია, ეს ვერსიაც გამოირიცხა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვინმეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამფორიებს სახლში თანხა ჰქონდათ, მან უპასუხა, რომ ეს იცოდა ბიძაშვილმა და ასევე მეზობლებმაც. "რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს კითხვა იმიტომ დამისვეს, რომ ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდსო. არც ისე დიდი ხანი მიდიოდა ამაზე საუბარი და მერე ეს ვერსია გამორიცხეს. მკითხეს ასევე, თუ მყავდა მტერი უბანში, ან სანათესაოში და ესეც უარვყავი", - განუცხადა ჟურნალისტებს მამფორიამ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
35 წლის ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამოსული კვამლი შენიშნეს.
იხილეთ ასევე: შსს ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს