მედია თურქეთში დაღუპულების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. თურქული პრესის ცნობით, დაღუპულები არიან 56 წლის ემა შარიპოვა, მისი და, 46 წლის ელნაზი და ერთ-ერთის შვილიშვილი 19 წლის საჰიპ შარიპოვი.
მედიის ინფორმაციით, მათი ცხედრები ბინაში იპოვეს. ემა შარიპოვას და საჰიპ შარიპოვს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, ელნაზ შარიპოვა კი გაგუდული იყო.
ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დუზჯეში მოხდა, რომელიც სტამბოლიდან დაახლოებით 228 კილომეტრში მდებარეობს.
იხილეთ ვიდეო| ახალი დეტალები თურქეთში ყელგამოჭრილი 3 ქართველის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ თურქეთში გარდაცვლილთაგან ერთია საქართველოს მოქალაქე. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთ ქალს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და ის ამჟამად თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი მამაკაცის მოქალაქეობის საკითხი დადგენილი არ არის.
თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის ინფორმაციით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გუშინ ღამით სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სამივე ქართველია და მათ ყელი აქვთ გამოჭრილი.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია. საინფორმაციო სააგენტო DHA-ს ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალბატონის, მამაკაცის და 7 წლის ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება. როგორც თურქმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, სამივე ქართველია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.