შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის ბრლადებული მაგდა პაპიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს, 17:00 საათზე იმსჯელებს. როგორც ცნობილია, პროკურატურა პაპიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატი კი აცხადებს, რომ მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დარბაზიდან გათავისუფლებას. ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, მაგდა პაპიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მეუღლე და შვილი მას არ მოუკლავს. მაგდა პაპიძეს ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წარუდგინეს. მას ბრალად დაედო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
ბრალდებულის ადვოკატი საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ჯერ ვერ საუბრობს, ამბობს, რომ გარკვეული ექსპერტიზები დასრულებული არ არის. პაპიძის დამცველის ცნობით, დანაშაულის იარაღი ჩაქუჩია, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, თუმცა არ აკონკრეტებს არის თუ არა მასზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები. ფერაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მაგდა პაპიძემ ჩაქუჩი მკვლელობამდე ერთი დღით ადრე იყიდა.
მათივე ვარაუდით, 25 წლის გოგომ საკუთარი ქმარი ბლაგვი საგნით, მძინარე მოკლა, რადგან გარდაცვლილი ამირან ქაფიაშვილი სამხედრო პოლიციის თანამშრომელი იყო, საკმაოდ ძლიერი და მას ვერ მოერეოდა. სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში, სადაც მაგდა პაპიძე მუშაობდა, ამბობენ რომ გოგონა ქმარ-შვილზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. მაღაზიის თანამშრომელი "რუსთავი 2"-თან საუბარში ყვება: "ძალიან მობილიზებული გოგო იყო. იცით როგორი დედა იყო? სულ ამბობდა: რა ჭამა, რა დალია, ბებომ როგორ გამოიყვანა ბაღიდან... არ მჯერა, რომ ამას გააკეთებდა".
ასევე წაიკითხეთ:
"ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები" - მაგდა პაპიძის და ტრაგედიის შესახებ წერს