შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას ბრალი გუშინ ე.წ. მოდულის შენობაში ოფიციალურად წარუდგინეს. პაპიძე ბრალდებულად სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლის ქალს უვადო პატიმრობა ელის.
როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ პაპიძის ადვოკატმა, ხათუნა ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ იცის რა მოხდა. "ის ამბობს, რომ მისი მეუღლე და შვილი წავიდნენ სახლიდან. შემდეგ დააგვიანდათ. დაურეკა ტელეფონზე მეუღლეს, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამის შემდეგ დააპირა წასულიყო, ახლომახლო ხომ არ იყვნენ მისი მეუღლე და შვილი. სულ შემთხვევით ნახა სადარბაზოში ისინი. მაგდა პაპიძე ამბობს, რომ მის მეუღლეს შეეხო მხოლოდ გადარჩენის და დახმარების მიზნით", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, მაგდა პაპიძემ მას სთხოვა ჟურნალისტებისთვის ეცნობებინა, რომ შვილის მხოლოდ გადარჩენას ცდილობდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა სურდა. ასევე ადვოკატმა დაადასტურა, რომ მაგდა პაპიძეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები გააჩნია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემები აქვს ბრალდებულს.
ასევე წაიკითხეთ:
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს - რაზე ისაუბრა პაპიძემ ადვოკატთან