მოსამართლის აცილება სასამართლოს საზოგადოების ნდობის საფუძველს აცლის, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის სარჩელის გამხილველმა მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ აღნიშნა, რომელმაც მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ განმარტება გააკეთა.
კერძოდ, მოსამართლემ განმარტა, რატომ არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2"-ისა და ქიბარ ხალვაშის სხვა მოპასუხეების შუამდგომლობას მის აცილებასთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ მისი მეუღლის ფაქტორი არ იძლევა ამის სამართლებრივ საფუძველს.
"მირანდა გურგენიძის განცხადება გამოწვეული იყო ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, მან მოსამართლეს უწოდა კორუმპირებული და თქვა, რომ თვითმკვლელობას მოაწერა ხელი მოსამართლემ, რომ მას არ მისცემს საქართველოში დარჩენის საფუძველს და ა.შ. ამაზე იყო სავარაუდოდ მირანდა გურგენიძის რეაქცია. მის თვალსაზრისს მე არ ვიზიარებ, თუმცა იგი არ არის მოსამართლე. თუკი რაიმე კონკრეტული პრეტენზია გაგაჩნიათ მირანდა გურგენიძესთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურს. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მირანდა გურგენიძის განცხადებების შემდეგ მოსამართლის აცილებისა", - განაცხადა მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ.
რაც შეეხება მისი დედის ფაქტორს, მოსამართლემ განმარტა, რომ მდინარა გიორგიბიანი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად. თამაზ ურთმელიძის თქმით, იგი არ ყოფილა დაინტერესებული დედის, მდინარა გიორგობიანის საქმით და ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სიძის შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა აფექტური ქცევა, რაც იყო მსუბუქი ფაქტი და უნდა მომხდარიყო განრიდების პრცედურით ამ საქმის დასრულება. მოსამართლემ განაცხადა, რომ მას ეგონა, აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში გაიგო იმის შესახებ, რომ საქმე არ იყო დასრულებული.
"მოსამართლის მიბმა პროკურატურის ტყვეობასთან არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე არის კერძო დავა და ამაში არ არის ჩართული პროკურატურა", - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სასამართლოზე გაკეთებული განცხადებები სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს.
"მოსამართლეს მართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური მოთმინება და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთონ მაღალი თანამდებობის პირებმა, ეს განცხადებები სასამართლოზე ზეწოლას ვერ მოახდენს", - განაცხადა თამაზ ურთმელიძემ და განმარტა, რომ მისი დღევანდელი განჩინების გასაჩივრება მოპასუხე მხარეს შეუძლია შემაჯემებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
მოსამართლის განცხადების შემდეგ ნიკა გვარამიამ ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული განჩინება თამაზ ურთმელიძის დაწერილი არ არის.
იხილეთ ასევე: "ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და..." - ნიკა გვარამიას ქალბატონი შვილის სიკვდილში ადანაშაულებს
მიშა სააკაშვილს "რუსთავი-2"-ს არ დავახურინებ - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს