ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას არაერთხელ გაეცნენ.
ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.
"გოგლა ჟვანია დღეს სადაც არის, იმის გამოა, რომ ეს პროცესები განახორციელა. ის, ფაქტობრივად, იყო მედროშე ამ მოვლენებისა. ეს მისი პასუხისმგებლობაა, მისი არჩევანია, თუმცა არცთუ პოზიტიური. მიუხედავად იმისა, რომ ის ესწრებოდა ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიერ განხოციელებულ ამ პროცედურებს, მისი სინდისი არ შეუწუხებია იმას, რომ ეს ადამიანი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად უყურებდა, ხედავდა, იყო ამ პროცესში, მაშინ არ გასჩენია კითხვები. მიუხედავად იმისა, მან ზუსტად იცოდა, რომ დაცვის წევრებმა არათუ კანონი დაარღვიეს, არამედ ადამიანურადაც კი, ჟარგონს გამოვიყენებ, ისინი "არ ჩაჭრილან" დაცვის ობიექტთან - ბატონ ზურაბთან. როდესაც ეს ადამიანები დააკავეს, მას არც პროტესტი გასჩენია, არც სინდიდის ქენჯნა უგრძვნია, ამიტომ ამ ადამიანის შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის", - აღნიშნა ზოდელავამ.
კითხვაზე - თუ იცნობდა გოგლა ჟვანია აშშ-ს ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, ზოდალავას განმარტებით, ოჯახის წევრებმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდნენ.
"ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ. ზუსტად ვიცი, რომ ისინი არაერთხელ გაეცნენ ამ მასალას და ზუსტად იციან, მთელი ეს პერიპეტიები, მათ შორის, პირადი ცხოვრების დეტალები და რომელიც იყო ასევე მოტივატორი მაშინდელი ხელისუფლებისა, რომ ამ საქმის გარკვეული ნაწილის გასაიდუმლოება მომხდარიყო. ამ მთელი პერიპეტიების მიუხედავად, ახლაც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანურად სწორი გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკურ დეტალებში ვერ შევალ", - განაცხადა ზოდელავამ.
"რუსთავის 2"-ის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალურმა წყარომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.
"დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაშია საუბარი.
ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში. "რუსთავი 2"-ს ცნობით, FBI ამობობს, რომ ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. ანუ, პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა არ ხდებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ვიზუალური დათვალიერებით, გამათბობელი არ აღმოჩნდა ფიზიკურად დაზიანებული. თუმცა, ვიზუალური და ფიზიკური ტესტირებით გამათბობლის და გარესივრცის შემაერთებელი გაუმართავი აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: გოგლა ჟვანია - დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ