ბოლო განახლება: "პირადი შურისძიება გამორიცხულია" - ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გია სოსანაშვილის დაკავების შესახებ
ირაკლი შოთაძე - "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის დნმ-ის კვალი დარჩა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, შოთაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავა. ამ კონტექსტში მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებულია ამფეთქებელი, რომელმაც უშუალოდ დადო ხელყუმბარა, მაგრამ დამკვეთებზე ვერ ისაუბრებს.
"გამოძიება გრძელდება. მოტივთან და ამ პიროვნების ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ვერსიები არსებობს, მაგრამ საზოგადოებას ვთხოვთ, გამოიჩინოს მოთმინება, რათა გამოძიებამ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.
ამასთან, გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ ის 100%-ით უტყუარია და მეცნიერულად მისი საეჭვოდ გახდომა, შეუძლებელია.
გია სოსანაშვილს გამოძიება ბრალს დღესვე წარუდგეს და სავარაუდოდ, ხვალ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
შოთაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი წალკის რაიონში პოლიციის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი იყო და ის გუშინ დააკავეს.
მისივე ცნობით, მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი ვერსია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.
გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
რა შეცდომა დაუშვა იური ვაზაგაშვილის მკვლელმა, რის მიხედვითაც სამართალდამცველები კვალზე გავიდნენ