მთავარ პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანის ადვოკატები მივიდნენ. მათ უფლებებს კახა შონია და დავით ხაჟალია დაიცავენ.
როგორც ადვოკატმა დავით ხაჟალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია ფირცხალავასა და ნაკანის სტატუსი – არსებობს თუ არა დაკავების განჩინება მათ შესახებ. რაც შეეხება პროკურატურაში მათი გადაყვანის გარემოებებს, როგორც ხაჟალიამ აღნიშნა, დღეს, 09:00 საათზე კახა ნაკანს სახლში მიაკითხეს და პროკურატურაში წაიყვანეს.
"ფირცხალავა სახლში არ იყო. მან 10 წუთით ადრე დამირეკა და მითხრა, რომ ოფისში იქნებოდა, თუმცა 10 წუთში კვლავ დამირეკა და თქვა, რომ მასთან სახლში მისულან და უნდა დაბრუნდეს, რომ გაჰყვეს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რაიმე აყვანის სპეცოპერაცია იყო. ვერც იქნებოდა, რადგან ადამიანი თავის ფეხით მივიდა სახლში და გაჰყვა მათ. ირაკლი ფირცხალავას არაერთხელ განუცხადებია, რომ დამალვას არ აპირებს, ჩვენებასაც მისცემს და სიმართლის გარკვევასაც გეგმავს", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის უწყება გაეგზავნათ და თავის ფეხით მივიდოდნენ პროკურატურაში. ამასთან, ხაჟალიამ განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია, შედგენილი აქვს თუ არა პროკურატურას დაკავების ოქმი.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვსი პირი.
ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.