აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის შვილი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი აბაშიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, გიორგი აბაშიძე ბათუმის მთავარი სამმართველოდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა და სასტუმროში წავიდა.
"ცოტა ხნის წინ გიორგი აბაშიძე გაათავისუფლეს პატიმრობიდან და ახლა "შერატონში" ისვენებს", - აღნიშნა რამინ პაპიძემ.
როგორც რამინ პაპიძემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, გიორგი აბაშიძემ გადაიხადა თუ არა ჯარიმა, რომელიც მას შეუფარდეს. ადვოკატი ამბობს, რომ გათავისუფლების პირობად ჯარიმის გადახდა აუცილებელი არ არის.
გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა წუხელ დააკავეს. გიორგი აბაშიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
"გიორგი აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს. მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და 500 ლარით დაჯარიმდა", - აცხადებენ შსს-ში.