იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ყოფილი დეპუტატი კოტე გაბაშვილი, სავარაუდოდ, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
კოტე გაბაშვილი საქალაქო სასამართლოსთან წუხელ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.
წუხელ გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისი მხარდამჭერები პროკურორებს დაედევნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
კოტე გაბაშვილის გარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორებში ამ დრომდე შვიდი პირი რჩება.