საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს - კონსტანტინე გაბაშვილს, გოჩა დარჯანიასა და დავით გოგოხიას, ისინი ჯერჯერობით საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში არიან მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს. პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებული საპატრულო პოლიციაც ჩაერია. სწორედ ამ ინციდენტის შედეგად დააკავეს აღნიშნული პირები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა ესწრებოდა. სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ უგულავას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები გიგა ბოიკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. სასამართლოს ეზოში კი გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
თბილისის ყოფილი მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს.