წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი მარანში, წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა რამდენჯერმე საჯაროდ დადეს პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, მაგრამ შემზარავი მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.
დავინტერესდით, რაიმე სიახლე ხომ არ არის გამოძიების კუთხით. ბარბარე რაფალიანცის დეიდას, დალი მექერიშვილს დავუკავშირდით, რომელიც საუბარზე არ დაგვთანხმდა იმ მოტივით, რომ ადვოკატმა მათ ოჯახს კომენტარების გაკეთება აუკრძალა. ამის შემდეგ Ambebi.ge რაფალიანცების ადვოკატს ლალი ბიწოშვილს დაუკავშირდა.
- რამე სიახლე ხომ არ არის ბარბარე რაფალიანცის საქმეში?
- რამე ახალი რომ იყოს, როგორ გგონიათ, აქამდე გავჩერდებოდი და არ გავახმაურებდი?
- ოჯახს რატომ აუკრძალეთ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუებისა და კომენტარების მიცემა?
- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც მე ვიძლევი ინფორმაციას. მოვა დრო, გამოვალ ტელევიზიით და ვიტყვი ყველაფერს.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნების წინა ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოს ამცნო სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ღვინიაშვილმა.
ნანა ფიცხელაური, Ambebi.ge