2017 წლის პირველი თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით რუსთავში ნახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაციის 119 შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, სამი შემთხვევა ფატალურად დასრულდა - გარდაცვლილია 5 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია: 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში (1ლი თებერვალი-5მარტი) დაფიქსირებული იყო ინტოქსიკაციის 52 შემთხვევა, ხოლო 2017 წლის იანვრის თვეში 74 შემთხვევა.
17 თებერვალს ღამით, მე-19 მიკრო რაიონში, მეუღლის მშობლებთან სტუმრად მყოფი 19 წლის მამაკაცი, წყლის გამათბობლიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა, მედიკოსებმა მისი 18 წლის მეუღლის გადარჩენა შეძლეს.
4 მარტს, ბალანჩივაძის ქუჩაზე ნათესავთან სტუმრად მისულ რ. ბ-ს, ახალგაზდა ცოლ-ქმარი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ე.მ ფეხმძიმედ იყო. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გაამთბობლის მილიდან საცხოვრებელ ბინაში დაგროვდა, რაც 38 წლის მამაკაცისა და მისი 26 წლის მეუღლის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
5 მარტს, მე-19 მიკრო რაიონში, გვიან ღამით, 55 წლის ქალი და მისი 12 წლის შვილიშვილი ბინაში ფანჯრიდან შესულმა მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს. მეზობლების თქმით, მათ საეჭვოდ მოეჩვენათ, რომ მ.უ. ორი დღის განმავლობაში არ ჩანდა და 112-ში დარეკეს. მაშველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს, თუმცა ბებიაც და შვილიშვილიც უკვე გარდაცვლილები იყვნენ.
ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოკსიკაციით სიკვდილს გადაურჩა თორმეტი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, გამოძახებაზე მისვლის შემდეგ გადაარჩინეს. მოწამლული ბავშვებიდან ყველაზე პატარა 1 წლისაა.
რა გახდა ერთი თვის განმავლობაში ამ რაოდენობის ინტოქსიკაციის მიზეზი და რის გათვალისწინებას ურჩევენ რუსთაველებს სპეციალისტები - თემით AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი დაინტერესდა.
როგორც "სოკარ-ჯორჯია გაზში" აცხადებენ, მოსახლეობას საცხოვრებელ ბინებში წყლისა და ოთახის გამათბობლები ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით აქვს დამონტაჟებული. ხშირ შემთხვევაში წყლის გამათბობლები პირდაპირ აბაზანებშია დამონტაჟებული, რაც ყოვლად დაუშვებელია ან კიდევ, სამზარეულოში დამონტაჟებული გამათბობლის მილი ე.წ საკვამურებზე ან გამწოვებზე აქვთ მიერთებული, რაც ასევე დაუშვებელია. მსგავსი შემთხვევების დაფიქსირებისას, კომპანია "სოკარ-ჯორჯია გაზის" წარმომადგენელი, მოქალაქეებს გამათბობელს ქსელიდან უხსნის, გაფრთხილებას აძლევს და ხარვეზის გამოსწორებისკენ მოუწოდებს, თუმცა უმეტესობა რეკომენდაციას არ ასრულებს, რაც შემდგომ უბედური შემთხვევების მიზეზი ხდება:
"ჩვენი რეკომენდაციაა, პირველ რიგში ჩაანაცვლონ ე.წ. ერთკამერიანი წყლისა და ოთახის გამათბობლები ორკამერიანით. ეს გამათბობლები ვითომ მიერთებული აქვთ სავენტილაციო არხებში, ამ არხებიდან CO არ გაედინება და ოთახებში უკან ბრუნდება. ჩვენი თანამშრომლები სპეციალურად შედგენილი გრაფიკით წელიწადში ერთხელ მიდიან მოქალაქეებთან ბინებში და არასწორად დამონტაჟებულ გამათბობლებს ქსელიდან უხსნიან. დგება სათანადო აქტი, ბინის მეპატრონეს ვაფრთხილებთ, რომ ეს არის სიცოცხლისთვის საშიში და ნუ გამოიყენებენ. მიუხედავად გაფრთხილებისა, ჩვენი თანამშრომლები როგორც კი გამოდიან ბინიდან, თვითნებურად აერთებენ ქსელზე გამათბობლებს და წყლის გამაცხელებლებს. რა თქმა უნდა, მათთან ასე კულტურულად და ლამაზად საუბარი არ მიმდინარეობს, რა თქვენი საქმეა, ვინ გეკითხებათო ასე ეუბნებიან ჩვენს თანამშრომლებს, ზოგიერთი სახლშიც კი არ უშვებთ.
ორკამერიანი გამათბობლები გარედან იღებს ჟანგბადს და ნამწვი აირიც გარეთ გაედინება, ამიტომ ის უსაფრთხოცაა. რუსთავის კორპუსებში საკვამური მილები ცალკე არ არსებობს, არის მხოლოდ სავენტილაციო არხები, რომელზეც დასაშვებია მხოლოდ ვენტილაციის სისტემის დაერთება და არა გამათბობლის. წყლის საკვამური მილები სწორედ ამ სავენტილაციო არხზეა მიერთებული და წარმოგიდგენიათ 9-სართულიან კორპუსში ცხრა გაამთბობელი რომ მიერთებული მილზე, რომელიც გაჭედილია?!
მეორე პრობლემა არის ის, რომ რუსთავის კორპუსებში სამზარეულოებს ისეთი განლაგება აქვს, ორკამერიან გამათბობლებს ვერ დააყენებენ და საკვამურს გარეთ ვერ გააყოფინებენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, უკვე ყოველ ღამე გიჟებს ვგავართ იმდენი შემთხვევაა ნამწვით ინტოქსიკაციის", - აცხადებს "სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი გელა წერეთელი.
მარიკა ვარდოშვილი
AMBEBI.GE