მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება, ეს არის რუსეთი და საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მის გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს. "მე თბილისში უნდა ჩამოვიდე და პუტინის ოცნება შევასრულო?! მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი, როგორც თავისუფალი ადამიანი. მე ჩემი ცხოვრება, მინდა გითხრათ, რომ არ არის ადვილი იმ გაგებით, რომ დაცვის გარეშე დავდივარ, დავდივარ ჩვეულებრივად მეტროთი ნიუ-იორკში, სხვათა შორის კიევში მასპინძლები დამყვებიან ხოლმე დაცვით, ეს ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც კიდევ ვინმე დამყვება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პუტინს საჯაროდ აქვს გამოცხადებული, რომ სააკაშვილი უნდა მოსპონ. "სანამ შემიძლია, რომ ვიარო და სანამ შემიძლია, რომ ჩემი პროგრამა განვახორციელო, მე ამას განვახორციელებ არა ივანიშვილის პირადი ზოოპარკიდან, რადაც გადაიქცა საქართველოს ციხეები, არა იმ საკნიდან, სადაც ზის მაგალითად ვანო მერაბიშვილი, არამედ განვახორციელებ ნიუ-იორკიდან, კიევიდან, ვარშავიდან, პრაღიდან, ტოკიოდან, ანკარიდან, ყველა ადგილიდან, სადაც ჩავალ, როგორც თავისუფალი ადამიანი, რადგან რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამათ, ჩემს გადაადგილებას ვერავინ შეზღუდავს. მარტო ორ ქვეყანაში არ ჩამესვლება - რუსეთი და საქართველო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში ის ბევრად უფრო მალე ჩამოვა, ვიდრე ეს ივანიშვილსა და მის კრედიტორს მიაჩნიათ, ვინც მისცა 2 მილიარდი. "როგორი ოპტიმისტურად ვიყავი უკრაინასთან მიმართებაში, ისე ოპტიმისტურად ვარ საქართველოსთან მიმართებაში", - დასძინა მან.