გიგი უგულავა ზუსტად ვერ იხსენებს, როგორ აღმოჩნდა მუხროვანის ბაზაზე. ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს გუშინ გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას განუცხადა.
უგულავას განცხადებით, მას სურს საზოგადოებას შეახსენოს, რა იყო მუხროვანის ამბოხი და ვინ იყვენენ მისი ორგანიატორები.
"ესენი იყვნენ კრიალაშვილი და ოთანაძე. ამაზე საზოგადოებრივი კონსესუსი არსებობდა, რომ შევარდნაძის დროს, როდესაც მათ მოაწყვეს პირველი ამბოხი, როდესაც საქართველოში ნატო-ს დელეგაცია ჩამოდიოდა, ამის დამამტკიცებელი მასალები არსებობს", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, როდესაც ამბოხია, ყველა შემდგარი სახელმწიფო შესაბამისად მოქმედებს.
"რაც შეეხება მეორე კონკრეტიკას, იმ ადგილას მე აღმოვჩნდი თუ ზუსტად მახსოვს პრეზიდენტთან ერთად, ან რაიმე ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ამაზე მეტყველებს ჩემი და პრეზიდენტის იმ ადგილისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა.
მესამე ასპექტი-ბუნებრივია, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. იქ იყო მერაბიშვილი სპეცრაზმელებთან და სამხედროებთან ერთად. მე მოვისმინე სხვადასხვა კომენტარი, რომ სააკაშვილი შეეტენათ სადმე ამ საქმეში. ბოლოს და მთავარი - ვინც იცნობს მერაბიშვილს და მის არც თუ ისე გრამატიკულად გამართულ საუბრის მანერას, კარგად გაარჩევს რა იგულისხმა მან. ეს კადრები გავრცელებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ. მერაბიშვილი ჯერ კადრებში საუბრობს, ორი პიროვნების დაჭერაზე და დაკითხვაზე, შემდეგ კი, როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, დავალებას აძლევს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ", - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, სამართალდამცავებს ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ, როდესაც ხდება ტერაქტი და ამბოხი და "ასეთი უფლება სპეცრაზმს ყველა ქვეყანაში გააჩნია".
როგორც უგულავამ აღნიშნა, ვიდეომასალაში, მოვლენების განვითარებიდან ჩანს, რომ სიტუაცია არის განმუხტული, ორი პირი არის მიმალვაში და მათზე ოპერატიული ძებნა ხორციელდება. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს ორი პიროვნება ცდილობდა სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას. რამდენადაც მახსოვს, მათთან შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც სპეცრაზმელებიც დაშავდნენ. ორიდან ერთის ლიკვიდაცია მოხდა, მეორე კი დაიჭირა. ლიკვიდაცია რომ დავალება ყოფილიყო, ცხადია, დაჭრილიც ვერ გადარჩებოდა. თუმცა, ოთანაძეს სახელმწიფომ უმკურნალა და პატიმრობაში იმყოფებოდა", - დასძინა უგულავამ.
იხილეთ ვიდეო: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა