ღარიბაშვილი ხადურის "4 000 ლარიან ჭამა-სმის სკანდალს" ეხმაურება

ღარიბაშვილი ხადურის "4 000 ლარიან ჭამა-სმის სკანდალს" ეხმაურება

ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას ფუფუნებაში ვიცხოვროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მედია ზედმეტად ახდენს სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხის აჟიტირებას.

"ზედმეტად ახდენთ ამ საკითხის აჟიტირებას და გასკანდალებას ცდილობთ. მეტი სასაუბრო საზოგადოებაში არ არსებობს თუ რა ხდება? უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი სტანდარტები და ამის შემდეგ ყველა უწყება ამ სტანდარტებს დაექვემდებარება. ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას ფუფუნებით ვიცხოვროთ - არც ერთი მინისტრი და როცა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართულ წვეულებას ახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი პროტოკოლი, ეტიკეტია, რომ როცა ევროკავშირიდან, საფრანგეთიდან ან სხვა ქვეყნიდან უცხოური დელეგაცია ჩამოდის, ვალდებულებაც კი არის, რომ ის წაიყვანო და ავახშმო. არ შეიძლება ხადური გადააყოლოთ იმას, რომ 4 ათასი ლარი დახარჯა, მით უმეტეს, რომ ის მარტო არ წასულა და არ უქეიფია, მან წაიყვანა საფრანგეთის დელეგაცია. ამაზე სირცხვილიცაა რომ ამდენს ვსაუბრობთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე წინა ხელისუფლება ფიქრობდა.

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ უარი თქვა ფუფუნების საგნებზე, რაც დღესაც გრძელდება - იგივე პრეზიდენტის სასახლეში არ შევიდა პრეზიდენტი მარგველაშვილი, მთავრობა კანცელარიაში მუშაობს და შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, რა პირობებში არიან მინისტრები. მინდა შეგახსენოთ, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას - უხეშად რომ დავიანგარიშოთ, 4-5 ობიექტში მილიარდ 200 მილიონია დახარჯული და ამას ჩვენ კარგად შევისწავლით.

საქმე ეხება პრეზიდენტის რეზიდენციას, მაშინ როცა ქვეყანაში არის სიღარიბე, მაშინ როცა რეგიონებში, რაიონებში მოსახლეობას მძიმე მდგომარეობა აქვს და წლების განმავლობაში მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის არაფერი გაკეთებულა. გაუმჯობესდა პირობები მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, პირველ რიგში, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მინისტრებისთვის. დაახლოებით 500-600 მილიონი დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია, 360 მილიონი ქუთაისის პარლამენტი, 150 მილიონი დაჯდა იუსტიციის სახლი და 60 მილიონი მთავრობის სახლი ქუთაისში. ესაა მინიმუმ მილიარდი ლარი. მაინტერესებს, ამ შეკითხვებს მაშინ რატომ არ სვამდით?", - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა