ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა. როგორც ყოფილი პროკურორი აცხადებს, გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ფარცხალაძე ამბობს, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის უკან ის საფრთხე დგას, რომელიც "ნაციონალებმა" მის პიროვნებაში დაინახეს. ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნიდან ერთ თვეში, ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ჩხატარაშვილი, დააკავეს. გთავაზობთ ამონარიდს ოთარ ფარცხალაძის "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან.
- თქვენ ირგვლივ პირველი ხმაური დიპლომის გამო ატყდა, ამ შემთხვევაზე რას იტყვით?
- მე გავავრცელე კიდეც განცხადება და ახლაც გეტყვით – სკოლაში ჩემ დროს იყო 0 კლასი. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლობა არსებობს, რომ ამაზე ვილაპარაკო, ვიყავი საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი და სკოლაში რომ მივედი, პირველი და მეორე კლასის პროგრამას უკვე ვფლობდი ქართულ და რუსულ ენებზე. ჩვეულებრივ შედგა გასაუბრება კომისიასთან, ჩამიტარეს გამოცდა და გადამიყვანეს შემდეგ კლასში, როგორც ნიჭიერი ბავშვი. 1991 წელს, როდესაც დამოუკიდებელი სასწავლებლები გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი იყო "ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი", იქ იყო იმის შესაძლებლობა, რომ მე-11 კლასელი გამხდარიყო პირველკურსელი. ამიტომაც მე-11 კლასში მე იქ მოვხვდი ჩვეულებრივ, პირველ კურსზე. სასწავლებელი ოთხწლიანი იყო და რომ დავამთავრე 20 წლისაც არ ვიყავი, ერთი წელი ხომ სკოლამ მაჩუქა და ერთი წელიც სასწავლებელმა. ეს იყო და ეს... 18 წლის ასაკში უკვე პოლიციელი გავხდი და 19 წლისას მომიწია უნივერსიტეტის დამთავრება. ყველაფერი დანარჩენი სრული სიცრუა, რაზეც "ნაციონალები" საუბრობდნენ. ბატონი ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დიპლომის ნომერი ცდება და ა.შ. ეს ყველაფერი იყო სრული სისულელე. მე არ ვაპირებ თავის მართლების რეჟიმში ყოფნას, მოვიდნენ, კურსელებიც მყავს, ჯუგფელებიც და კიდევ ბევრს აქვს ეს სასწავლებელი დამთავრებული, ისეთებს ახლაც რომ მაღალ თანამდებობებზე არიან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს აქვს დამთავრებული. ესეც ვიცი და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.
- მას შემდეგ, რაც გავრცელდა განცხადება პოსტიდან თქვენი წასვლის შესახებ, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ექსპრემიერ ივანიშვილის მითითებით გადადექით. ამაზე რას გვეტყვით?
- ეს არის "ნაციონალების" მორიგი ტყუილი, სიცრუე, რაზეც ზოგადად, არიან აგებული. მე პირველ დღესვე, როგორც კი დაიწყო ამაზე საუბარი (ერთადერთი, რაც რეალური და სწორია, ეს არის გერმანიის ნასამართლობა, რაც ნამდვილად იყო, თუმცა არა იმ ფაქტზე რაზეც ისინი საუბრობენ), ვნახე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ვუთხარი, რომ არ მინდოდა ჩემი გულისთვის პრობლემა შექმნოდა. მე ვიყავი ბატონი ბიძინას და ვარ ირაკლის გუნდის წევრი, ამიტომაც ვუთხარი, რომ გადავდგებოდი... ჩემით მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგანაც შევატყვე, რომ ამ სიცრუით უნდოდათ თავიანთი წარსული დანაშაულების გადაფარვა. შეთხზეს ზღაპრები და გერმანიის შემთხვევა უნდა ექციათ კენედის მკლელობად. მაშინვე კატეგორიულად დავუყენე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საკითხი - უნდა გადავმდგარიყავი. ბატონ ბიძინასთან არანაირი შეხება არ მქონია...
...მათ(ნაციონალურ მოძრაობას) ჰქონდათ ერთადერთი გზა, რომ ჩემ მიმართ პიროვნულად დაეწყოთ შეტევა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ახლა "ნაცები" აპირებენ ჩემზე ააგორონ ათასი უბედურებები, თითქოს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვარ ნამკურნალევი. მინდა გითხრათ, არა თუ ბიშკეკში, ზოგადად, შუა აზიაში ნამყოფი არ ვარ, თუ ვინმეს ეს აზრად მოუვა, სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა.
წყარო: "პრაიმ ტაიმი"
ასევე დაგაინტერესებთ: ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?