ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომობილის შეძენის შესახებ საზოგადოების რეაქციას "ჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განმარტებები გააკეთოს.

ამასთან, როგორც ბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ტოიოტა პრადოს" შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გაუქმებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები საკითხის მოსაგვარებლად.

"ახალი ავტომობილის შესყიდვის საკითხს საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა და მე გავითვალისწინე საზოგადოების აზრი", - აღნიშნა მან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდება, მწყობრიდან არის გამოსული.

"გუშინ ქედის მუნიციპალიტეტში გავემგზავრე, თუმცა ავტომობილის გაუმართაობის გამო გზიდან დაბრუნება მომიხდა. ამასთან, უმაღლეს საბჭოში შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კომისია და აღნიშნული სამსახურები საჭიროებენ ავტომობილით გადაადგილებას", - განმარტა ბერიძემ.

მისივე თქმით, მზად არის, განმარტებები გააკეთოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, თუკი ამის საშუალება ექნება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს, რომელსაც ამ დრომდე "ტოიოტა პრადო" და "ტოიოტა კამრი" ემსახურებოდა, მომავალი წლიდან, 2012 წლის "ტოიოტა პრადოს" ნაცვლად, ამავე მარკის 2014 წლის მოდელი მოემსახურება.

სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისთვის ჩატარებული ტენდერის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა 83.000 ლარი ღირს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ანიშნული, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის , ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხს პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს და მე გვქონდა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, აღშფოთებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, როგორც ჩანს, ავთნდილ ბერიძე ვერ აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს კოალიცია "ქართულ ოცნებას" და იმ ხელმძღვანელ პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ხალხზე და არა საკუთარ კომფორტზე ზრუნვა. ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოების გულისწყრომას და ამავდროულად განვმარტავთ, რომ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს "ქართული ოცნების" წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვითცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი პოლიტიკური ძალის და რაც მთავარია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თავად უნდა ხვდებოდეს ამას და თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირად ღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ავთანდილ ბერიძის საკითხს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აცხადებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა