პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილისა და შს მინისტრის დაპირისპირების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. აქამდე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრემიერის მრჩევლის დაპირისპირების მიზეზად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დირექტორი ირაკლი წულაია (გავრცელებული ცნობით, ხუხაშვილის პროტეჟე) სახელდებოდა, ახლა კი ამბობენ, რომ ღარიბაშვილი გია ხუხაშვილის მეგობარ კოკა გუნცაძეზე აპირებს შეტევას. ამ და სხვა თემებზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:
- ბატონო გია, თქვენი და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირების მიზეზი ირაკლი წულაიას თანამდებობიდან გათავისუფლება გახდა?
- ჩემზე შეთხზულმა ლეგენდამ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია და ესეც მოგონილი თემაა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია. ზოგი ირაკლი წულაიას ჩემს ნათესავად, დაახლოებულ პირად მოიხსენიებს, რაც ტყუილია. სამსახურიდან ირაკლი წულაია ეკონომიკის მინისტრმა გაათავისუფლა. ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილის კომპეტენცია არ ყოფილა. ვცდილობ, ჩემ შესახებ ამგვარ ლეგენდებს ირონიით ვუყურო, მაგრამ რკინისაც არა ვარ. ეტყობა, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც უწევს ადამიანს, როდესაც პოლიტიკაში შედის და მოვლენების ეპიცენტრში ექცევა. ერთხანს ვაპირებდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რადგან ბინძური კამპანია თვეების განმავლობაში გაგრძელდა, გადავწყვიტე, სარჩელი შემეტანა ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ. დადგა დრო, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ვიღაც დაისაჯოს დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო...
- გავრცელებული ინფორმაციით, შს სამინისტროში მასალებია გამზადებული კოკა გუნცაძის წინააღმდეგ. ოქტომბრის არჩევნების მერე გუნცაძესა და რკინიგზის მაღალჩინოსნებს ბრალს წაუყენებენ კორუფციული გარიგებებისა და უკანონო ტვირთბრუნვისთვისო.
- არ ვიცი, რა მასალა აქვს შს სამინისტროს. მართალია, რკინიგზის მრჩევლად ვითვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო აღარ მრჩება ამ საქმისთვის. გუნცაძე დიდი ხანია არ მინახავს და არაფერი ვიცი. კოკას კარგად ვიცნობ და გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ასეთ რამეებში მონაწილეობდა. ალოგიკურია, რომ რომელიღაც დაგეგმილ ოპერაციაზე ორი თვით ადრე პრესაში გამოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია.
რკინიგზა ყოველთვის ვიღაცის სალარო იყო. შევარდნაძის დროს იქ სახელისუფლებო სალარო იყო. სააკაშვილის დროსაც, როდესაც რკინიგზაში მოვიდა ბრძანება შავი სალაროს შექმნაზე, 2004 წლის ზაფხულში პროტესტის ნიშნად წამოვედი და საჯარო განცხადებაც გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთბრუნვის საქმეში პრობლემებია, რკინიგზის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. ის სიკეთე, რაც რკინიგზის გადაზიდვებიდან კეზერაშვილის ჯიბეში მიდიოდა, რკინიგზას დაუბრუნდა. მარტო აქედან რკინიგზა 12 მლნ-მდე შემოსავალს მიიღებს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია