ოპონენტები პრეზიდენტ სააკაშვილის კატეგორიულ მოთხოვნას, სასწრაფოდ ხელმოსაწერად მიართვან მთავარი პროკურორის გადაყენების შესახებ დოკუმენტი, მისი რეალობის შეგრძნების კიდევ უფრო დაქვეითებით ხსნიან. სააკაშვილს, ჩანს, დაავიწყდა, რომ მთავრობა მისი გუნდის წევრებით არ არის დაკომპლექტებული. ამასთან, მისი მოთხოვნა აღიზიანებს ხალხს, რომელსაც არ დავიწყებია სულ ცოტა ხნის წინ როგორ არღვევდა ადამიანის უფლებებს და ათას საშინელებას სჩადიოდა "ნაციონალური მოძრაობა". იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ტყუილია კბილაშვილის შესაძლო გადადგომა-გადაყენებაზე გავრცელებული ხმა, თუმცა, კატეგორიულად არ ეთანხმება მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას ვლადიმერ ბედუკაძის შუამდგომლობის თაობაზე, რითაც ბედუკაძეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მუხლით წაყენებული ბრალი მოეხსნა.
თეა წულუკიანი: - ამ ეტაპზე პოზიტიურად მიმაჩნია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე საჯარო მსჯელობა გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მოისმინეს ამჟამად მოქმედი ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებმა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუკი ადამიანი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, რა თქმა უნდა, მიეცემა შეღავათი, რომელსაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ ისეთი შეღავათები, რომელმაც შესაძლოა დაუსჯელობის სინდრომი წაახალისოს. გამომდინარე იქიდან, რომ ბედუკაძეზე საქმე აღიძრა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, მისთვის შეღავათის გაწევის ხარისხი საფრთხის შემცველია. მიუხედავად მისი სტატუსისა, რომ ის იყო მხოლოდ ბრალდებული და მსჯავრი არ ჰქონია, ჩემი აზრით, ბედუკაძისთვის ასეთი ხარისხის იმუნიტეტი გადაჭარბებულია.
- არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში ბედუკაძის გათავისუფლება თავიდანვე შეთანხმებული იყო.
- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რა გავაკეთე, როდესაც გავიგე, რომ მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და სასამართლოში ბედუკაძის საქმის თაობაზე შუამდგომლობა შეიტანა. გამოვითხოვე ამ შუამდგომლობის ტექსტი, რომელსაც უკვე მოსამართლე განიხილავდა. ტექსტში საკმაოდ დაწვრილებით იყო დასაბუთებული, თუ რატომ მიიღო მთავარმა პროკურორმა (იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მას აძლევს საქართველოს კანონმდებლობა) ეს გადაწყვეტილება.
- ეს დასაბუთება საკმარისი იყო? მაშინ რატომ არ შეეწინააღმდეგეთ?
- როგორც გითხარით, შუამდგომლობა უკვე მოსამართლის ხელში იყო, გარდა ამისა, მთავარი პროკურორის შუამდგომლობის მიზანშეწონილობის საკითხში არ ჩავერიე. თუ ვთვლით, რომ ის არის პოლიტიკური პროცესებისგან თავისუფალი, მას უნდა მიეცეს ავტონომიურობის მაღალი ხარისხი.
- ჯერ კიდევ არის განწყობა, რომ შესაძლოა კბილაშვილი იძულებული გახდეს, გადადგეს.
- არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი. მართალია, მან გუნდის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაყენების თუ გადადგომის საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს არ მოხდება, როგორც უნდა ოცნებობდეს ამაზე პრეზიდენტი. მან განაცხადა, რომ დღესვე მზად არის, ხელი მოაწეროს კბილაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, სააკაშვილი ოცნებობს, გადააყენოს მთავარი პროკურორი, რომელიც სხვა საქმეებთან ერთად "ნაციონალთა" გუნდის ყოფილი წევრების საქმეებითაც არის დაკავებული.