ფეხბურთი დიდი ხანია იქცა პოლიტიკად. ამის დასტურად, კიევის ოლიმპიური სტადიონის პოლიტიკოსებით "დახუნძლული" ვიპ-ლოჟისთვის თვალის შევლებაც კმარა. ევროპის ჩემპიონატის ფინალზე, სრულიად განსხვავებული წარსულის, აწმყოსა და მომავლის პოლიტიკოსთა თავყრილობის ამსახველი ფოტოგალერეა, ინტერნეტ-ქსელების მთავარ სასეირო მასალად იყო.
სასეირო და საჭორაო კი მართლაც ბევრი რამ არის. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს რატომ უმშვენებს გვერდს ”ფიფას” პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და არა ტურნირის უშუალო ორგანიზატორი, ”უეფას” პრეზიდენტი მიშელ პლატინი? იმიტომ ხომ არა, რომ მასპინძლებს ინგლისელთა კარში გატანილი ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს?
ან რა საერთო აქვთ ერთმანეთთან ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშჩენკოს. ამ უკანასკნელს ხელისუფლებაში ყოფნა რომ დასცლოდა, სავსებით შესაძლებელი იყო თავისი წინამორბედი, უმძიმესი ბრალდებით, ციხეში გაესტუმრებინა.
ანდა, საერთოდ, რატომ დგას ვიქტორ იუშჩენკო თავისი "ავტორიტარი" წინამორბედის გვერდით და არა თავისი თანამოაზრისა და მეგობრის, საქართველოს პრეზიდენტის მხარდამხარ, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, სამების ტაძარში ვაჟიშვილი მოუნათლა?
და ბოლოს, რატომ დგას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მონათლული ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით? თანაც, არა მხოლოდ დგას, არამედ საკმაოდ ხალისიანადაც საუბრობენ.
სხვათა შორის ბიჭუნა, რომელიც ლუკაშენკოს თან ახლავს, მისი ვაჟიშვილია. მამამისს ის არა მხოლოდ ფეხბურთის მატჩებზე, არამედ, ოფიციალურ შეხვედრებზეც თან დაჰყავს. ვენესუალას პრეზიდენტთან, უგო ჩავესთან შეხვედრისას, სწორედ მისი მისამართით განაცხადა, რომ 20-25 წლის შემდეგ ესტაფეტას გადასცემს.
დავით შალიკაშვილი
ასევე იხილეთ: EURO 2012, ფინალი - ესპანეთი-იტალია 4:0 [VIDEO]