ზუსტად ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად იტალიური "ჯენოას" წევრი, კახა კალაძე "ქართულ ოცნებას" შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში მისგან არაერთი მწვავე განცხადებაც მოვისმინეთ. სახელგანთქმული ფეხბურთელი გვესაუბრება, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში "ქართულ ოცნებაში" გაწევრების შემდეგ, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და "ევრო-2020"-ის მასპინძლობის შანსზე:
- "ქართულ ოცნებას" მხარში თავიდანვე, ჩამოყალიბებისთანავე, ვედექი, რადგან ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას ჩემი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს არ არის ლამაზი სიტყვები. წავიდა ლამაზი სიტყვებისა და გაცვეთილი ფრაზების დრო, სათქმელი უნდა ვთქვათ პირდაპირ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ...
- ხომ არ ნანობთ არჩევანს, თუ პირიქით - რაც დრო გადის, რწმუნდებით, რომ სწორად მოიქეცით?
- როცა ხედავ, რომ სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნისაკენ, რომელსაც შეუძლია საქართველოს მოსახლეობა მიიყვანოს გამარჯვებამდე და როცა ამ ჯგუფს სათავეში უდგას ისეთი ლიდერი, როგორიც ბატონი ივანიშვილია, ძნელია, არ დარწმუნდე გადაწყვეტილების სისწორეში.
- ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ აღარ არის შიშისა და თავის ჩაქინდვრის დრო, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ოცნებისგან" ხალხი მეტ აქტიურობას ელის, მით უმეტეს - რეგიონებში...
- ჩვენც და საქართველოს მოსახლეობასაც ერთი მიზანი გვაქვს - შევცვალოთ ამაზრზენი რეჟიმი კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა მეთოდით... ბევრი ამბობს, რომ რეგიონებში საჭიროა გააქტიურება, ამისათვის პირველი ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება, ყველა რეგიონსა და ქალაქში იხსნება კოალიციის ოფისები, იქმნება მობილური ჯგუფები, ჩვენი თანამებრძოლები ყველა რეგიონში ჩადიან და პირადად ესაუბრებიან ხალხს, ამ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ რეგიონებში კიდევ უფრო გააქტიურდებიან როგორც ადგილობრივი წარმომადგენლები, ასევე კოალიციის ხელმძღვანელები. დღეს ჩვენთვის დახშულია ე.წ. ნაციონალური არხები და მათი წყალობით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ვიცით, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე და ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად ვცდილობთ, დავშალოთ ეს მექანიზმი.
- ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის დაბრუნებაზე უარი ეთქვა...
- სირცხვილია, როცა გქვია ხელისუფლება და არ ითვალისწინებ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას ქვეყნის, ქართველი ხალხის წინაშე, არ ითვალისწინებ პატრიარქის თხოვნას, არ ითვალისწინებ დიპლომატიური კორპუსის რჩევას. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეობა არ დაუბრუნეს, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობისათვის ისევ იმად დარჩა, რაც იყო, მეტიც - მისი რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. სირცხვილია, როცა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედსა და ქტიტორს არ აძლევენ მოქალაქეობას.
- ენ-დი-აის შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის 11%-ზე მეტი არ უჭერს მხარს...
- ამას დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ. მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობა და მსოფლიო თანამეგობრობა თანხმდება ერთ საკითხზე - არსებულმა რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა! ახლა ყველაფერი ვინმეს მიერ დაწერილ დაბალ თუ მაღალ პროცენტებზე კი არა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თუ გვინდა უკიდურესობაში გადავარდნილი ხელისუფლება, ელექტროენერგიაზე მიბმული დასუფთავების გადასახადის მსგავსი აბსურდული გადასახადები, ორმაგი სტანდარტის მქონე კანონები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, არარსებული სოფლის მეურნეობა, პროკურატურაზე დამოკიდებული ყოვლად სამარცხვინო სასამართლო სისტემა, გაქსუებული სახელმწიფო მოხელეები, უთავმოყვარეო, მონური სულის უმრავლესობა პარლამენტში და გაუწონასწორებელი პრეზიდენტი, კი ბატონო, ავირჩიოთ მაშინ ეს გზა და დავტოვოთ არსებული რეჟიმი ისევ ხელისუფლებაში. მაგრამ ამ ყველაფერს მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისთანავე უთხრა მკაფიო "არა" და მოქალაქეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ. ნურავინ ელოდება, რომ ჩვენ უკანონობაზე თვალს დავხუჭავთ, მზად ვართ, დავიცვათ ხალხის ხმები. არ არის საჭირო ყველაფრის აფიშირება, მოვა დრო და მოსახლეობა ყველაფერს დაინახავს.
- რას ელით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისგან?
- ვხედავ, როგორ არის ხალხი დამუხტული, როგორ არის მზად, შეიცვალოს ხელისუფლება, შეიცვალოს მათი ცხოვრების პირობები. ხალხს ნორმალური სამუშაო ადგილები, ნორმალური ხელისუფლება სურს და არა ისეთი, როგორიც ამჟამად არის - პატრონყმური. აი, ამას ველი მეც. ერთად დგომით კი აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!
- "ევრო-2020"-ის მასპინძლობა - მითი თუ რეალობა?
- არ შეიძლება, ამ საკითხს გულშემატკივარი ან პროფესიონალი ფეხბურთელი სერიოზულად აღიქვამდეს. ეს არის მმართველი რეჟიმის შიდა მოხმარების პიარი, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს. რა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები საშინელ მოედნებზე თამაშობენ, ეროვნულ ნაკრებს კი ბაზა მხოლოდ ახლახან გაუჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
- რას უპასუხებთ მათ, ვინც ამბობს - კახა კალაძე მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, რაც მის ბიზნესს პრობლემები შეექმნაო.
- მოკლე მეხსიერების მქონეთ ვურჩევ: კარგად გადახედონ თარიღებს, როდის ვაკეთებდი მე განცხადებებს. არასოდეს ვყოფილვარ ჩასაფრებული, არასოდეს მითქვამს ცუდი, როცა კარგს აკეთებდნენ. მაგრამ არც თვალი დამიხუჭავს ხარვეზებზე. ჩემი აზრით, საერთო სახალხო სიყვარულით მოსულმა ხელისუფლებამ თავისი უგერგილობით, პატივმოყვარეობით, უკანონობითა და ცინიზმით საერთო სახალხო უნდობლობა დაიმსახურა.
- იმ ხალხზე რას იტყვით, ვინც "ქართულ ოცნებაში" გაწევრებისთანავე შემოგიტიათ და ვისაც, თურმე, კახა კალაძისგან მხოლოდ ნაკრებში გატანილი ორი ავტოგოლი ახსოვს?
- საბედნიეროდ, ასეთ ადამიანთა რიცხვი ძალიან მცირეა, ესენი, ძირითადად, ჯიბის ჟურნალისტები და ცირკის ადმინისტრატორის დონის მოხელეები არიან. მე ჩემი ცხოვრებით ყოველთვის ქართველ ხალხს ვემსახურები და არა - ხელისუფლებას. ზოგჯერ ადამიანს უნებლიეთ მოსდის შეცდომა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე კონკრეტულ თამაშში დავუშვი ორი შეცდომა და ამისთვის ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ არავის სმენია იმ ხალხისგან ბოდიში, ვინც მთელი ცხოვრება საბედისწერო ავტოგოლებით მოდის და მიზანმიმართულად განაგრძობს საკუთარი კარის დალაშქვრას.
- სააღდგომოდ პატიმრების შეწყალება იგეგმება, მაგრამ, ალბათ, გიორგი დემეტრაძეს არ გაათავისუფლებენ...
- აი, სწორედ ასეთი აზროვნების გამო უნდა შეიცვალოს ხელისუფლება! სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და არა იმაზე დამოკიდებული - კალაძეს რა სურს და სააკაშვილს - რა. დღეს დემე ამ სისტემაზე მაღლა დგას, მან იცის, რომ ციხეში ზის არა დანაშაულისათვის, არამედ იმისათვის, რომ ვიღაცას ასიამოვნონ, ვიღაცას კი გული ატკინონ. როგორ შეიძლება, სასამართლო სისტემა ჯიბრზე ან პრინციპზე იდგეს, როდესაც საქმე ადამიანს ეხება? სასამართლო უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს და კანონის წინაშე პასუხი ყველამ თანაბრად უნდა აგოს. დემე რომ დამნაშავე ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ როცა ხედავ, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა, ამ ქვეყანაში თუ არა, მის ფარგლებს გარეთ მაინც რომ მიაღწიო სამართალს.
სამწუხაროდ, დღეს დემეს მსგავსად, შეკერილი საქმეებით უამრავი უდანაშაულო ადამიანი იტანჯება საპატიმროებში. მინდა, ვანუგეშო მათი ახლობლები - აუცილებლად მივაღწევთ, რომ თითოეული ასეთი საქმე ხელახლა გადაიხედოს!
ნინო მაისურაძე
ინტერვიუ - ”არსებულმა რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა”.
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)