რევაზ საყევარიშვილმა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საყევარიშვილმა "ინტერპრესნიუსის" ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკაში Forbes Georgia-ს დამფუძნებელი კომპანიის, Media Partners-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანის ჩარევის მცდელობა და ცენზურა დაასახელა.
"გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორობა იმ მოტივით, რომ იქ ხორციელდება საკმაოდ სერიოზული ზეწოლის მცდელობა, სარედაქციო დამოუკიდებლობის დათრგუნვის და ცენზურის დამკვიდრების თვალსაზრისით", - განაცხადა საყევარიშვილმა, რომლის თქმითაც, აღნიშნულის თაობაზე Forbes-ის სათაო ოფისის ინფორმირება უკვე მოახდინა.
ამასთან, მისივე განმარტებით, დამფუძნებელი კომპანიის პრეზიდენტთან კონფლიქტმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში, მილიარდერთა რეიტინგებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და ჟურნალის ყდაზეც მისი ფოტო განათავსა.
"როგორც მთავარმა რედაქტორმა, ჩავთვალე, რომ Forbes-ის მილიარდერთა სიის ერთადერთი ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში Forbes Georgia-ს ყურადღების ფოკუსშიც უნდა მოქცეულიყო. სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე დამფუძნებლის კატეგორიულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით კი ივანიშვილთან ინტერვიუში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის მცდელობაში გამოიხატა", - აღნიშნა რეზო საყევარიშვილმა.
ჟურნალის უკვე ყოფილი მთავარი რედაქტორი ცენზურის მიზეზად დამფუძნებლის საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან მეგობრობას ასახელებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საყევარიშვილის განცხადებით, სად გააგრძელებს მუშაობას, ჯერ არ გადაუწყვეტია. ამ ეტაპზე კი პოლიტიკაში მის სავარაუდო წასვლას არ ადასტურებს.