ვინ არის უტა ივანიშვილი?

ვინ არის უტა ივანიშვილი?

"ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამის სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში კი, ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიას, ოღონდ უკვე უჩემოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი ან სულაც ჩემი ვაჟი, უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად; შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც... უტა მოიაზრება ამ პოლიტიკურ ძალაში, მაგრამ არ მინდა, იმდენად აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, რომ სწავლას მოსწყდეს. ის გულუბრყვილოდ უყურებს ბევრ საკითხს, რასაც მე ჩემი გამოცდილების წყალობით დავძლევ. უტა შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რათა მოხერხდეს დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა და გვარი - ივანიშვილი ჟღერდეს, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე წინააღმდეგი ვართ, რომ მან სწავლას თავი დაანებოს და ვფიქრობ, ამის საჭიროებაც არ იქნება", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა მისი უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მიმართ.

პირველივე წერილში, რომელშიც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ლაპარაკობდა, წერდა: "არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა. ვისაც არ სჯერა, შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორ დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა, მითხრეს - შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო".

სწორედ ამავე წერილში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა უფროსი ვაჟიშვილი: "ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა." იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა პოლიტიკური ძვრები მოჰყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას, შეიძლება ითქვას, რომ უტამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობს: "შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას - ეს ცალკე საკითხია". იმავე ინტერვიუში ვკითხულობთ: "ჩემს შვილებს, ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ. უტა მყავს 19 წლის, ბერა - 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის - ცოტნე. უტას კი შეეძლო მუსიკოსობა, მაგრამ არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში." როგორც ამბობენ, უტა გამორჩეულად ზრდილი, გონიერი და განათლებული ბიჭია.

დავით აბესაძე, ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი: - მართალია, უტასთან არასდროს მისაუბრია მის გატაცებებსა და ჩვევებზე - იგი ჩემს შვილებზე უმცროსია, მაგრამ შემიმჩნევია, რომ ძალიან კარგი მოსაუბრე და ძალიან განათლებული ბიჭია. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით კი ფილოსოფიური წიგნები მოსწონს. ძალიან ბევრს მეცადინეობს და კარგი მეგობარია. სპორტის რომელიმე სახეობაში სერიოზულად თუ ვარჯიშობს, არ ვიცი, მაგრამ მინახავს, სიამოვნებით რომ უყურებს ფეხბურთს, რაგბის და ძალიან კარგად ცურავს. უტა გულადი ბიჭი და კარგი სამეგობრო კაცია!

დავინტერესდით, 25 ნოემბერს დაგეგმილ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" დაფუძნებას უტა ივანიშვილი თუ დაესწრება და ამის გასარკვევად დავუკავშირდით ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნონა ყანდიაშვილს:

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას დაესწრება თუ არა უტა. ისე, ინტერვიუშიც არ ყოფილა დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის აუცილებლად იქნება მომავალ პარტიაში, ბატონმა ბიძინამ თქვა, ეს შესაძლებელიაო.

- ახლა საქართველოშია?

- როგორც ვიცი, არა, საფრანგეთშია, იქ სწავლობს.

ირმა ხარშილაძე

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის გზა არის ის, რაც აპრილში გავაკეთეთ - მოკლე კარანტინები ჯაჭვს ვერ გაწყვეტს" - ექიმი ვახტანგ კალოიანი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"