საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის "მისტრალის" ვერტმფრენმზიდის ტიპის ორი მიყიდვა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება, განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენმა.
"შეშფოთებული ვართ იმით, რომ აშშ-ის მოკავშირე - საფრანგეთი, იგნორირებას უკეთებს აშკარა საფრთხეს, რომელიც რუსეთისთვის მაღალტექნოლოგიური სამხედრო ხომალდების მიყიდვას უკავშირდება. ეს მაშინ, როდესაც მოსკოვი აშშ-სთან, მეზობლებთან და ევროპის ქვეყნებთან მტრულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ადგას”, - აცხადებს კონგრესმენი.
"რეგიონში მრავალი ჩვენი მოკავშირე, მათ შორის საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმის, მკაცრი ეკონომიკური წნეხისა და სამხედრო შეჭრის მსხვერპლნი არიან. კომერციული სარგებლის მიღების ან სპეკულაციური თანამშრომლობის მიზნით, საფრანგეთის მიერ ჩვენი ოპონენტების შეიარაღება სერიოზული შეცდომაა", - ნათქვამია კომიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მაღალტექნოლოგიური იარაღის მიყიდვა ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ირანსა და სირიას შეიარაღებას აწვდის. ის ფაქტი, რომ მოსკოვი ირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაში ეხმარება და კუბასთან და ვენესუელასთან კავშირებს აძლიერებს, აშშ-სა და რუსეთის სამხედრო სფეროში თანაშრომლობის შესაძლებლობას გამორიცხავს", - აღნიშნავს რესპუბლიკელი ილეანა როს-ლეტინენი.
17 ივნისს რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ "მისტრალის" ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის აშენების შესახებ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. კონტრაქტის ღირებულება 1,2 მლრდ ევროა.
მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.