რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორის მტკიცებით, საქართველოში ჯავახეთში მცხოვრები სომხების "საგანმანათლებლო გენოციდი" მიმდინარეობს. ამიტომ საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის მრჩეველის, ვან ბაიბურთის თქმით, მათ რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ.
ამ ინფორმაციას სააგენტო "ნიუს.ამ"-ზე დაყრდნობით "მედიანიუსი" ავრცელებს. სომხური დიასპორის განცხადებით, ჯავახეთში მცხოვრები სომხები თავიანთ ეროვნულ იდენტურობას კარგავენ, მათ არ მიეწოდებათ სომხური პრესა, ბიბლიოთეკებში არ არის სომხური ლიტერატურა და მშობლიურ ენას ვერ სწავლობენ.
ბაიბურთის თქმით, პრესის საზღვარზე გადატან-გადმოტანა ძალიან რთულია, ამისათვის ბევრი პროცედურაა გასავლელი. საქართველოსა და სომხეთის მედიასაშუალებებს შორისაც არ არის ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ახალქალაქში და ნინოწმინდაში ორი სომხურენოვანი ტელეკომპანია მაუწყებლობს და რამდენიმე გაზეთი გამოდის. ამიტომ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაზე საუბარი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება მშობლიური ენის სწავლას, ბაიბურთის თქმით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 110-ზე მეტი სომხური სკოლაა და ენის სწავლის პრობლემა არ არსებობს.
"მოსკოვში ერთადერთი სომხური სკოლა დასავლური ენების გაძლიერებულ სკოლად გადააკეთეს. რუსეთში რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, იმაზე ილაპარაკონ. რატომ არ ლაპარაკობენ?! იმიტომ, რომ რუსული სპეცსამსახურები მართავენ", - აცხადებს ბაიბურთი.
მისივე თქმით, არც საქართველოში მცხოვრები ჯავახელი სომხები და არც ის ჯავახელი სომხები, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობენ, არ იცნობენ ასეთ ორგანიზაციას - რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორას.
ბაიბურთის ცნობით, ორიოდე თვის წინ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს წინ ე.წ. ჯავახელი სომხების დიასპორამ აქცია გამართა, რომელსაც სომხური ტელევიზიები აშუქებდნენ. პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ისინი ისეთ ფაქტებს აპროტესტებნენ, რომლებიც ჯავახეთში საერთოდ არ არსებობდა. ბაიბურთის ცნობით, სომეხმა კორესპონდენტმა მომიტინგეს სომხურად მიმართა - რას აპროტესტებთ, რა არის აქციის მიზეზიო და რესპონდენტი, ე.წ. ჯავახეთის დიაპორის წარმომადგენელმა, კითხვაზე პასუხი წმინდა რუსულით გასცა.
"წარმოუდგენელია ჯავახელმა სომეხმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, სომხური არ იცოდეს. აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაცია არის რუსეთის სპეცსამსახურების მიხედვით შექმნილი", - აცხადებს ბაიბურთი.
რუსეთში მცხოვრები ჯავახელი სომხების დიასპორის ზემოხსენებული განცხადებით, საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს იმ სახელმძღვანელოებით ამარაგებს, რომლებიც ამახინჯებენ სომხეთის ისტორიას. განცხადების ავტორების აღშფოთებას ის იწვევს, რომ სომხურენოვანი საქართველოს ისტორიის მეხუთე კლასის სახელმძღვანელოს რუკების მიხედვით, შუა საუკუნეების სომხეთი მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს შემადგენლობაშია წარდმოგენილი. გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სომხურენოვან ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ცხოველებს ქართული და არა სომხური სახელები აქვთ. ეს კი, განცხადების ავტორების აზრით, ჯავახელი სომხების საგანმანათლებლო გენოციდია.
ბაიბურთის თქმით, ეს ორგანიზაცია ძალიან ძველ ფაქტებზე საუბრობს. მან საქართველოში სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ორი თვის წინანდელი ვიზიტი გაიხსენა, რომლზეც ორი ქვეყნის მინისტრი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სახელმძღვანელოების თარგმნის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ:
"ორი წლის წინ მართლაც იყო პრეტენზიები ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა".
რაც შეეხება ისტორიას, ვან ბაიბურთის თქმით, იმაზე, რომ სომხეთის რაღაც მონაკვეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგალითად, დავით აღმაშენებლის დროს, არც სომეხი ისტორიკოსები დავობენ.
ისტორიკოსის ნოდარ ლომოურის თქმით, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს სომხეთის დიდი ნაწილი მართლაც შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში.
"დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი თამარის დროს, მთელი ამიერკავკასია, მათ შორის ჩრდილო სომხეთის გარკვეული ოლქები, საქართველოს ეკუთვნოდა".
რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორა საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციასა და სასკოლო განათლების კომპეტენციის სამხარეო ადმინისტრაციებისთვის გადაცემას მოითხოვს.
"რეზონანსმა" ცდის მიუხედავად, ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება გუშინ ვერ მოახერხა.
სალომე ცეცხლაძე