ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბახტაძემ აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში.
"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. მან აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა "საქართველოს რკინიგზის" ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში. დაიწყო ყურის ქვეყნებსა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა, მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, სამთავრობო გუნდში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილებოდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურაც.
იხილეთ ვიდეო: რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ინიშნება
რაც შეეხება ბახტაძის წარსულს, ის "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის მარტში დაინიშნა.მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. ამასთან, იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარია. საერთო ჯამში მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენს, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანებაც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებშია დაგეგმილი.