დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.
წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ვარშავიდან პერემიშლისკენ გაემართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ადგილი შეიცვალა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანმხლებებთან ერთად ქალაქ ჟეშოვში გადაინაცვლა. ჟეშოვში ასევე ჩავიდა პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო. სააკაშვილი და ტიმოშენკო უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.
პოლონეთში, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა რომ, კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლის შემდეგ ის ყველანაირი სცენარისთვის მზად არის, თუმცა არ ჰგონია, რომ მისი დაკავება და საქართველოში ექსტრადირება მოხდება.
"გამორიცხულია რომ დღესვე გამიტაცონ. პარაშენკოს ამის თავი რომ ჰქონოდა, აქამდე იზამდნენ. რა თქმა უნდა ამ სცენარისთვის მზად ვარ, გამწარებისგან და შიშისგან შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს, მაგრამ ეს გეგმა რომ ჰქონოდა, აქამდე გააკეთებდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს მისი ეშინია, რათა არ გადააყენოს ის ხელისუფლებიდან. "პორაშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა. ჩემზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, როგორც ჩანს, მაგრამ ასე თვლის. ვინ ჩააგონა, ესეც არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ასე, როგორც პარაშენკოს ეშინია. მე არანაირი გეგმა არ მაქვს არავის დამხობის. ჩემი გეგმაა ჩასვლა და ჩემი უფლებების სასამართლოში დაცვა. მაგრამ ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, რომელიც ტრიალ მინდორშია, წარმომიდგენია, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი ადამიანი მოვა. როგორც ჩანს ამისი ეშინიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ამას ბოროტად გამოვიყენებ. ჩემი ამოცანაა კანონი და კანონიერება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ.
"დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც მოვიდა", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა "ტელეარხ 24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში ბრიფინგი გააუქმა და პშემისლში გაემგზავრა. ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტში მიჰყვება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინაში პშემისლიდან "ინტერსითის" მატარებლით ჩავიდეს. აღნიშნულის შესახებ მან ქალაქ პშემისლში განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან "ტიტუშკები", რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში "ინტერსითის" მატარებლით გამგზავრებას", - განმარტა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.