რუსი პრანკერები მზად არიან, საქართველოს შს მინისტრთან საუბრის დასამტკიცებლად ჩანაწერი "ნებისმიერ ექსპერტიზას" გადასცენ. ამის შესახებ ალექსეი სტოლიაროვმა ("ლექსუსი") რადიოსადგურ Говорит Москва-ს განუცხადა.
"ეს პირველი ადამიანი არ არის, ვინც ცდილობს ჩვენთან საუბარი უარყოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იქნებოდა ეს ერდოღანი თუ ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით ამ ჩანაწერებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის სააგენტოს. ფაქტი ყოველთვის დასტურდებოდა. ჩვენ გვაქვს მინისტრის პირადი მობილურის ნომერი, თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენთ. ვფიქრობ, მისმა გარემოცვამ ეს ნომერი იცის", - განაცხადა სტოლიაროვმა.
მისივე აზრით, გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია. "შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის", - განაცხადა სტოლიაროვმა.
მისივე თქმით, საუბრის დროს მღებრიშვილი ბათუმში იმყოფებოდა და ბელარუს და აზერბაიჯანელ მინისტრებთან ერთად ისვენებდა.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
წაიკითხეთ: შსს-ს კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიჩანაწერზე