მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფება, მისი ვიზიტის შესახებ პირველ კომენტარს "მოამბესთან" ინტერვიუში აკეთებს.
80 წლის ლუჟკოვი, რომელიც 2006 და 2009 წელს ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა და დარღვეული აქვს "ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი", "მოამბის" ჟურნალისტმა ბორჯომში ჩაწერა, სადაც ის პარკის დასათვალიერებლად იყო. როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, ოთხი დღეა რაც საქართველოში ჩამოვიდა ტურისტულ ჯგუფთან ერთად და უკვე მოასწრო ვარძიის, მცხეთის, ქანდის მონასტრის მონახულება.
მოსკოვის ყოფილმა მერმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არ შექმნია და მესაზღვრეების მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ - "ან რა შეკითხვები უნდა დაესვათ? ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით... ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ რაც წარსულში იყო, წარსულში უნდა დარჩეს".
რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, აი რა კომენტარი გააკეთა იური ლუჟკოვმა:
"ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს... მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს", - განაცხადა იური ლუჟკოვმა "მოამბესთან" ინტერვიუში.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმემაც გაავრცელა.
წაიკითხეთ: რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტზე კომენტირებისას განაცხადა, რომ "მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა".
"დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ფოტო: "მოამბე"