2016 წლის 7 დეკემბერს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებაში. შეთანხმების მიღწევა მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შორის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინაკი აცხადებს, რომ "ეს შეთანხმება დაბალანსებულია და უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის როგორც ეფექტურობისთვის, ასევე სანდოობისთვის".
"არსებული შეჩერების მექანიზმი არ არის საკმარისი და ახლა გაუმჯობესდება. ამავდროულად, იმ ფაქტმა, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ხელი უნდა შეუწყოს შემდგომ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებზე სხვა ქვეყნებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნებს", - განაცხადა რობერტ კალინაკმა.
ამასთან, პრესრელიზში განმარტებულია, რომ შესწორებული რეგულაციის მთავარი მიზანი შეჩერების მექანიზმის გაძლიერებაა.
"აღნიშნული უფრო იოლს ხდის წევრი ქვეყნების ინფორმირებას იმ გარემოებებზე, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ შეჩერება და საშუალებას აძლევს კომისიას მექანიზმი საკუთარი ინიციატივით აამოქმედოს და დაავალოს მას ყოველწლიური ანგარიშების გადაგზავნა ევროპარლამენტისთვის და საბჭოსთვის, თუ რამდენად შეესაბამება საჭირო კრიტერიუმებს მესამე ქვეყნების სავიზო რეჟიმის მოთხოვნისგან გათავისუფლება.
ახლა, როდესაც შეთანხმება დაადასტურა მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, საბჭოს სახელით რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და საბჭოს მის მისაღებად", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.