ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% დაითვალა. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მიხედვით ორი პარტია ლიდერობს: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მათთან ერთად 5%-იანი ბარიერი გადალახა "პატრიოტთა ალიანსმა".
მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას? ამის გასარკვევად შეგვიძლია წინასწარი მონაცემების მიხედვით დავთვალოთ, რამდენი მანდატი ექნება "ოცნებას" პარლამენტში.
ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს. ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად, პარლამენტში პროპორციული ადგილები სავარაუდოდ, ასე გადანაწილდება:
"ქართული ოცნება" - 44 მანდატი
"ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი
"პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი
ამასთან, 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში დანარჩენი 73 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ის კანდიდატი მოიპოვებს, რომელიც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 52 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 34 ოლქში.
არჩევნების მეორე ტურში განსაკუთრებული კონკურენცია ამ 52 ოლქიდან, ძირითადად რეგიონებში იქნება. კერძოდ: ქუთაისში, ზუგდიდში, მარნეულსა და მცხეთაში. პირველ სამ შემთხვევაში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარნეული) "ოცნებას" "ნაციონალების" კანდიდატები უპირისპირდებიან და მათ შორის პროცენტული განსხვავება მინიმალურია, მაგალითად:
მარნეულის (ქალაქი, 10 სოფელთან ერთად) 36-ე მაჟორიტარულ ოლქში (დათვლილია 46-ვე უბნის მონაცემები) "ნაციონალური მოძრაობის" აკმამედ იმამკულიევს ხმების 47.62% აქვს, "ქართული ოცნების" თამაზ ნავერიანს კი - 43.66%.
ქუთაისის (ავტოქარხანა, ვაკისუბანი, სულხან-საბა) 49-ე მაჟორიტარულ ოლქში (43 უბნიდან დათვლილია 42 უბნის მონაცემები) "ქართული ოცნების" წარმომადგენელ კობა ნარჩემაშვილს - 40.18%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" გიორგი წერეთელს - 37.46%.
ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში (49 უბნიდან დათვლილია 45 უბნის მონაცემები) "ქართული ოცნების" კანდიდატ ედიშერ თოლორაიას ხმების 46.75% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნომერ სანდრა ელისაბედ რულოვსს კი - 46.18%.
რაც შეეხება მცხეთას, მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში (დათვლილია 45-ვე უბნის მონაცემები) "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე 41.23%-ით ლიდერობს, თუმცა მას დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი 39.75%-ით მოსდევს.
თუ დავუშვებთ, რომ ოცნება პრობლემურ ოლქებს კონკურენტებს დაუთმობს და შესაბამისად, 4 ხმას დაკარგავს, მას პარლამენტში 73-ს მინუს 4, ანუ 69 მაჟორიტარის შეყვანა შეუძლია.
როგორც ზემოთ ვწერდით, ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, ამჟამინდელი პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად "ოცნება" პროპორციული სიით 44 მანდატს მოიპოვებს. ამ მონაცემების დაჯამებით კი გამოდის: 69 მაჟორიტარულ მანდატს + 44 პროპორციული მანდატი = 113 მანდატს. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა 113-ია, შესაბამისად "ქართულ ოცნებას" ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
რას იზამს "ქართული ოცნება" პირველ რიგში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, "ის, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს".
აქედან გამომდინარე, ძაბირაძის აზრით, პირველი ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.
"როგორც მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა აჩვენა, იქაც დაპირისპირება თითქმის მთლიანად "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის არის. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესები არც მეორე ტურში შეიცვლება და შეიძლება მივიღოთ უპრეცედენტო ვითარება ჩვენს ისტორიაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს იგებს. იმ სქემამ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთობლივად წარმართეს წინასაარჩევნო პროცესში, ნამდვილად იმუშავა.
აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. გამომდინარე აქედან, პირველი ორი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" კონსტიტუციის თვალსაზრისით განახორციელებს, იქნება პარლამენტის გადმოტანა თბილისში და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით, ანუ პარლამენტის მიერ არჩევა. არ ვიცი, ქორწინების საკითხს შეიტანენ თუ არა კონსტიტუციაში, მაგრამ ეს ორი ნამდვილად დაანონსებულია", - განაცხადა ძაბირაძემ.