ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მესამე სექტორი დაბინძურებულია.
"სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, "პაგონებიანმა" გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ამ განცხადებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს.
"ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვის აზრსაც არ იზიარებს, ან ვინც ბედავს და ხმამაღლა მისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს. 2011 წლის მაისში საჯარო სექტორიდან (საზღვრის დაცვის სამსახურიდან) 4 წლის წამოსული ვიყავი და "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ვმუშაობდი, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კი 26 მაისს დარბეული მომიტინგეების ძებნის მეტი არაფერი გაუკეთებია. როგორც ჩანს, ეს არის "ოცნების" გადაწყვეტილება ასე წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია. ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება არასამთავრობოების, ჩვენს საქმიანობას, დღეს ფაქტობრივად ორ, ან რამდენიმე ცეცხლს შორის არის.
"ოცნების" მომხრეებს და პარტიას ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულები ვგონივართ და "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" - ასე გეტყვიან მათ საჯაროდაც რომ ჰკითხოთ. აღარაფერს ვამბობ მათი მომხრეების მუდმივ ბრალდებებზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და არავის ინტერესებს არ ვატარებთ. მთავრობისთვის დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია, მითუმეტეს, რომ დღეს გაეროში თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი ძლიერ სამოქალაქო სექტორზე საუბრობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს რასაც ვამბობთ სწორია. ზუსტად ამიტომ ყოველთვის მზად ვართ თემატური დისკუსიისთვის. არაეთიკურად ვინმეზე ლაპარაკი კი ჩვენი საქმე არ არის", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"სამართლიანი არჩევნების" წევრი, ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას უწოდებს.
"ძალიან რთულია ისეთი განცხადების შეფასება, რაც შეიცავს არაეთიკურ, დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება", მათი მხარდამჭერები და რეალური ლიდერები ირჩევენ ასეთი ტიპის რიტორიკას განსხვავებული აზრის მიმართ. ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან მაშინ, როდესაც უკვე 4 წლის წამოსული იყო სახელმწიფო სამსახურიდან, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, თუნდაც "პაგონების" მიღება, როდესაც შენ ემსახურები შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის განვითარებას, არამგონია იყოს დამაკნინებელი ან შეურაცხმყოფელი.
პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პატივი. თუკი ვინმეს მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი წარსული საქმიანობის მიმართ, მათი წარსული პოზიციების მიმართ, უმჯობესი იქნება ვისაუბროთ ფაქტებით, ვისაუბროთ არგუმენტებით და არა დაუსაბუთებელი ჭორებით და ინფორმაციებით. ჩვენ, არასამთავრობო სექტორი მზად ვართ, გვქონდეს ნერბისმიერ თემაზე დისკუსია მათთან და ვისაუბროთ არგუმენტირებულად, ვისაუბროთ ფაქტებით და არა ასეთი არაეთიკური გამონათქვამებითა და შეფასებებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.