22 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარეობის დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლების განხილვის საგნად იქცა. განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია საზოგადოებაში ძალადობის კადრებში მოქმედი და ყოფილი სპორტსმენების შემჩნევამ. დაპირისპირებაში ჩართული მხარეები - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ: "ოცნება" ზაზა კედელაშვილის მეთაურობით "ზონდერების" მობილიზებაზე საუბრობს, "ნაციონალები" კი ოპონენტის სპორტსმენ "ზონდერებს" ასახელებს.
რა სტატუსით და ვისი მითითებით იმყოფებოდნენ კორცხელის საარჩევნო უბანზე სპორტსმენები, რატომ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, ჰყავს თუ არა "ქართულ ოცნებას" საკუთარი "ზონდერ-ჯგუფი" და სად იყო პოლიცია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს გამეტებით უსწორდებოდნენ - ოფიციალური პირებისა თუ უწყებების განცხადებების მიუხედავად, კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვები ისევ მრავლად რჩება. მით უმეტეს, რომ ორივე მხარეს მოვლენების ქრონოლოგიას განსხვავებულად აღწერს. კითხვებზე პასუხების მისაღებად AMBEBI.GE კორცხელის მკვიდრ კლარა გოგიას დაუკავშირდა, რომელიც 22 მაისს კორცხელის საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის სტატუსით იმყოფებოდა და დაპირისპირების თვითმხილველიც გახდა:
"საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად, დაახლოებით, დილის 11 საათზე მივედი. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, ამომრჩეველიც ბევრი არ იყო და ყველა პროცედურის გასავლელად დროც ცოტა დამჭირდა. სანამ ხმის მისაცემად შევიდოდი, "ნაციონალებს" მოვკარი თვალი, მაგრამ ისინი მოშორებით იდგნენ და განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. მეორე მხარესაც იდგა ჯგუფი, მაგრამ ისინი ვერ ვიცანი, შორიდანვე აღნაგობით შევატყვე, რომ სპორტსმენები იყვნენ - ისინი სოფელში ადრე არასდროს მინახავს. დღესაც არ ვიცი, ვინ არიან. ხმა რომ მივეცი, სახლში წასვლა დავაპირე, მაგრამ ჩემი მეზობელი შევნიშნე, ისიც გაოგნებული იყო, ვინ არიან ეს უცხო ხალხიო, ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მალევე ხმაური ატყდა, ერთი ადამიანი მიწაზე ეგდო და 10-მდე კაცი ურტყამდა. რა ამბავია-მეთქი, ვიყვირე, ახლოს რომ მივედი, ბოკერია ვიცანი. ამ დროს კორცხელელებიც მოცვივდნენ, უნდოდათ "ნაციონალები" გაერიდებინათ ადგილიდან, მაგრამ კორცხელელებსაც დაერივნენ.
სპორტსმენები ვერც კაცს ცნობდნენ, ვერც ბავშვს და ვერც ქალს. ვერავის ამჩნევდნენ, მარტო მუშტებს იქნევდნენ. "ნაციონალების" კანდიდატის 20 წლის შვილი და ბიძაშვილიც სასტიკადაა ნაცემი. როგორც შემდეგ თქვეს, კომისიის ერთ-ერთი წევრი ქალი გამოსულა და სპორტსმენებისთვის უთქვამს, ეს ბიჭია "ნაციონალების" კანდიდატის შვილი და დაერიეთო... ბიძაშვილს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ოპერაცია ქუთაისში გაუკეთეს. სხვებსაც, ზოგს თავი სტკივა, ზორგს ფეხები... როდესაც ჩხუბი დაიწყო, ადგილზე მხოლოდ მორიგე პოლიციელები იყვნენ, ორი-სამი ადამიანი, რომლებმაც ვერაფერი გაახერხეს. ყველა ყვიროდა, პოლიცია მოვიდეს, ადამიანებს კლავენო, მაგრამ პატრული გვიან მოვიდა", - იხსენებს დაპირისპირების დეტალებს კლარა გოგია.
კორცხელში დაპირისპირებისას გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელი კობა ტყეშელაშვილიც: "ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მედიის თანდასწრებით შევიგინე, ჩემი ხელი არცერთ პოლიტიკოსს არ მოხვედრია. პირიქით, ვაშველებდი და ვეფარებოდი ყველას, რომ მაქსიმალურად დამეცვა.
- ვისი მითითებით ჩახვედით კორცხელის საარჩევნო უბანზე და რა მიზნით?
- 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. ამ პარტიის მჯერა და არჩევნები იქნება თუ სხვა, ყველგან გვერდში დავუდგები, როგორც მხარდამჭერი. ჩვენ მხოლოდ კორცხელში არ ვყოფილვართ, გარდაბანსა და სხვა საარჩევნო უბნებზეც ვიყავით.
- რატომ, საარჩევნო დამკვირვებელი ხართ?
- არა, გვინდოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების უსაფრთხოება დაგვეცვა და "კარუსელებიც" არ დატრიალებულიყო, რადგან ვიცოდით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი "ზონდერებით" გადაადგილდებოდა.
- პოლიციის კომპეტენცია საკუთარი ინიციატივით იტვირთეთ?
- ბიჭები საკუთარი ინიციატივით შევიკრიბეთ. "ნაციონალები" სხვა უბნებზეც ცდილობდნენ ჩვენ გამოწვევას, გარდაბანში ჩემი ძმაკაცის ახალ მანქანას ქვები დაუშინეს, მაგრამ "გადავყლაპეთ". ბიჭებს ვთხოვდი, ხომ ხედავთ ჩვენ წამოკიდებას ცდილობენ, "გადაყლაპეთ" და მოითმინეთ-მეთქი. მართლაც ბევრი ვითმინეთ და ვცდილობდით, საბაბი არ მიგვეცა... თუმცა, კორცხელში ჩვენ სპორტსმენ ნოშრევან წურწუმიას წარმოუდგენელი შეურახყოფა მიაყენეს. "ნაციონალების" პერიოდში, ნოშრევანს შამახიამ და გუნავამ წამალი "ჩაუდეს", დაჭერილიც ჰყავდათ. კორცხელში ნოშრევანმა გუნავა და შამახია რომ დაინახა, გამწარდა, თუმცა მაინც თავი ხელში ავიყვანეთ. მიუხედავად ამისა, გუნავა მოვიდა წურწუმიასთან და ცინიკურად მიმართა - შენ კიდევ ცოცხალი ხარ, არ ჩაძაღლდიო?! ჩემი ხათრით წურწუმიამ ესეც მოითმინა, ხმა არ ამოიღო... მერე ქვების სროლა დაიწყო, პირველად ჩხუბი "ნაციონალებმა" დაიწყეს.
- კადრებში ჩანს, რომ ნიკა მელიას დაარტყეს პირველად.
- ეტყობა კადრში ვერ მოხვდა, პირველად ხელი "ნაციონალებმა" მოიქნიეს. ჩხუბში ნიკა მელია ჩაერთო, ამ დროს მივედი მეც და როგორც შევძელი, ყველას გადავეფარე. არ ვარ აგრესიული ადამიანი, ყველას პატივს ვცემ იმის გამო, რომ ქართველები არიან. მელიამ ხალხს დაუწყო "კაჩაობა", ახლა ვხვდები, რომ ხმასაც სპეციალურად უწევდა, რომ ვიღაცები გამოეწვია. მათაც ყავდათ სპორტსმენები, მათ შორის ირაკლი ჭანტურია. ვიცოდით, რომ ფოთიდან ბოქსიორები წამოიყვანეს. სპორტსმენები კი ვართ, მაგრამ რაღაცები ჩვენც ვიცით. ნაციონალებს თბილისიდან არავინ წამოუყვანიათ, მხოლოდ ფოთიდან ახლდათ ბოქსიორები და სამჭიდელები. ისინი კორცხელის საარჩევნო უბანზე ჩვენამდე მივიდნენ. გული მწყდება, რომ მედიასთან ცუდი სიტყვებით ვილაპარაკე, მაგრამ მეორე მხრიდან იმდენად დიდი აგრესია წამოვიდა, გაგიჟებული ვიყავი.
- "ნაციონალური მოძრაობა" ფაქტის გამოძიებას ითხოვს. თქვენ ჯერ არ დაუკითხიხართ?
- არ დავუკითხივარ, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. ჩემ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს ვაგებ.
კორცხელში მომხდარი დაპირისპირების ფაქტის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ:
"ფაქტია, რომ ხელისუფლება არ ამბობს უარს იმ ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რასაც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ნიშნით იყენებდა. "ქართული ოცნება" იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება სწორედ ამის გამო დასრულდა, თუმცა მათ შორის ერთი განსხვავება ნამდვილად არის - თუ ნაციონალები მსგავს დაპირისპირებაზე მიდიოდნენ, არჩევნებს იგებდნენ კიდეც, "ოცნებამ" კი, ამის მართვაც ვერ შეძლო და სპორტსმენების მუშტის მიუხედავად, არჩევნები ორ უბანზე წააგო. ფაქტია, რომ 25 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ - ყველაფერი შავი რომანტიზმით დაიწყო, შემდეგ, მარაზმით გაგრძელდა, მარაზმი სააკაშვილის სადიზმმა ჩაანაცვლა, ახლა კი მაზოხისტი ხელისუფლება გვყავს - ყველა გასროლა, ცუდად ისევ "ქართულ ოცნებას" უბრუნდება. ამ ქვეყანაში მარადიული მხოლოდ კოლექტიური მურუსიძე აღმოჩნდა, დანარჩენი უკვე ბევრჯერ ნანახი ფილმია. ამ ფონზე, აბსოლუტურად არადამაჯებელი იყო კალაძის განცხადებები - ქურდს კუდი ეწვისო, ამ პრინციპით აბსურდის გამართლებას ცდილობდა. ვფიქრობ, მისი განცხადებები ისევ მისი იმიჯისთვის აღმოჩნდა დამაზიანებელი" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში ხუხაშვილმა.
რუსა შელია
AMBEBI.GE