"თავისუფალ დემოკრატებს" ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ მჭედლიძე შეუერთდა, რომელიც საზოგადოებას დღეს თავად ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. პარტიის ლიდერმა მჭედლიძეს ძლიერი კადრი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი გამორჩეულია საქმეში წარმატებით, არის გამორჩეული ბიზნესმენი, აქვს სოლიდური სპორტული წარსული - იყო რაგბის ნაკრების წევრი.
ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება. პარტიის ახალმა წევრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მადლობა გადაუხადადა განმარტა, რომ აღნიშნული პარტიის წევრობა მისთვის დიდი პატივია. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ჩემს მთელ რესურსს, ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ გუნდი იყოს უფრო წარმატებული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული", - განაცხადა მჭედლიძემ.
იხილეთ მჭედლიძის წარდგენის ვიდეო
ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. იგივე ასევე მეგობრობს ირაკლი კოდუასთანაც. როგორც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, კოდუა ძებნილობის დროს ვახო მჭედლიძესთან ერთად იმყოფებოდა პრაღაში. მჭედლიძე რამდენიმე წელი ჩეხეთში ცხოვრობდა და იქ სახლი აქვს.
ვახტანგ მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საკრებულოს წევრიც გახლდათ. ის "ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის" წევრი და "სარევიზიო კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე იყო. თუმცა 2011 წლის თებერვალში მან საკრებულო დატოვა. როგორც მაშინ საკრებულოში განმარტეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მჭედლიძემ საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა პრესაში საკრებულოდან მისი წასვლის სხვა ვერსია დასახელდა.
როგორც გაზეთი "ალია" 2011 წელს წყაროზე დაყრდნობით წერდა, მჭედლიძემ საკრებულო პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დატოვა. "ალიას" ინფორმაციით, მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად ახალი წლის დღეებში ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა და საკუთარი სუფრის წევრებს დაუპირისპირდა. მჭედლიძემ ჩხუბის შემდეგ ერეკლე კოდუას დაურეკა, რომელსაც "ბიჭების ბრიგადა გაუგზავნია, მჩაგვრელი "ნაციონალები" ერეკლე კოდუას ბიჭებს ისე უბეგვიათ, რომ, როგორც ამბობენ, ბევრი მათგანი დღემდე გონზე ვერ მოდისო", - წერდა გაზეთი "ალია". სწორედ ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოუთხოვია, დაძაბული ვითარების განსამუხტად უგულავა-კოდუას ძმაკაც მჭედლიძეს საკრებულო დაეტოვებინა. გვანცა დარასელიამ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში გაზეთში დაბეჭდილ ინფორმაციას ჭორი უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ საკრებულო დატოვა, არა პრეზიდენტის მოთხოვნით, არამედ პირადი მოტივით.