"მაესტროს" დირექტორის პოსტზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) საკუთარ ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს (გრეჩიხას) ასახელებს.
ბაია გადაბაძის გადადგომის მოტივად პარტნიორთა კრების დაწყებამდე გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის რეიტინგის დაცემა დაასახელა. "უკვე სამი წელია ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია "მაესტროს" გაკოტრებაზე საქმე. სანამ არ დაინგრევა "მაესტრო", მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?" - განაცხადა გია გაჩეაჩილაძემ.
ამასთან, "უცნობმა" ჟურნალისტებთან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ. "პრემიერ-მინისტრი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ვხდები", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ "მაესტროს" თემაზე საუბარი რატომ უნდა ყოფილიყო, როდესაც იგი 55%-იანი წილის მფლობელია.
გია გაჩეჩილაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხა მაკა ასათიანისგან ისესხა. რაც შეეხება ტელეკომპანიის მომავალს, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, "მაესტრო" შეინარჩუნებს საინფორმაციო გამოშვებას, ექნება ახალი ფორმატი, რომლის შესახებ უკვე არსებობს კონცეფცია.
"ეთერში რომ გავა მერე ნახეთ მიკერძოებული იქნება თუ არა. ახლა რატომ წუხართ, არ მესმის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიაში როგორც ძველი, ისევე ახალი თანამშრომლები იმუშავებენ. ასევე მისი თქმით, ითანამშრომლებს ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, ეკა აკობიასთან და მამუკა ღლონტთან.