გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის კანდიდატობაზე ირაკლი შოთაძის გვარი ჯერ კიდევ გასულ წელს გაჟღერდა, როდესაც მთავარი პროკურორი ოთარ ფირცხალაძე თანამდებობიდან გადადგა. მთავარი პროკურორის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად შოთაძის დასახელებას კი დიდი ხმაურიც მოჰყვა. უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები იმ დროს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შოთაძეს ბრალდებებს უყენებდნენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მის დასახელებას. მათი მტკიცებით, იგი გვიჩიანის საქმეში მონაწილეობდა და უდანაშაულო ადამიანის სამუდამო პატიმრობა სწორედ მან მოითხოვა. ამ საკითხზე პრემიერმაც ისაუბრა ჟურნალისტებთან და განმარტა, რომ შეხვდა ირაკლი შოთაძეს. "ინფორმაცია მაქვს, რომ საქმის განხილვისას ის რიგითი სტაჟიორი იყო და ამ საქმეზე არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, ეს ირაკლი შოთაძემ თავად მითხრა", - თქვა პრემიერმა.

გიორგი გვიჩიანის ადვოკატების ბრალდებებს მთავარმა პროკურატურამაც უპასუხა. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირაკლი შოთაძისთვის წაყენებული ცრუ ბრალდებები პროკურატურის ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება.

"მას შემდეგ, რაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა და პროკურატურის კანონის შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება დაევალა ბატონ ირაკლი შოთაძეს, მასზე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც გარკვეული პირები მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ამის მაგალითია გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებები. განვმარტავთ, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურატურის სტაჟიორად დაინიშნა 2006 წლის აპრილში და აღნიშნულ საქმეში პირველ ინსტანციაში განხილვისას ჩაერთო, როდესაც ამავე წლის აგვისტოს თვეში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ დროს ირაკლი შოთაძე იყო გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.

მას 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვაში. ამ დროისთვის ის უკვე მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პროკურორად. იმაზე მითითება, რომ ირაკლი შოთაძემ რამე დასკვნა დამალა და საქმეში არ ჩადო, არის სრული აბსურდი და არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მას წინასწარ გამოძიებასთან არ ჰქონია არანაირი შეხება და საქმეზე არ ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას. ასევე, ის განცხადება, რომ ირაკლი შოთაძე თურმე ახდენს ზეწოლას სააპელაციო სასამართლოზე, სრული აბსურდია", - ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.

თუმცა ამ ფაქტს ისევ გამოეხმაურნენ ადვოკატები და სამხილები წარმოადგინეს. მათი მტკიცებით, სწორედ შოთაძე აწერს ხელს გვიჩიანის ბრალდებას. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ირაკლი შოთაძე პრემიერის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

"შოთაძე ტყუის, ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ის გვიჩიანის საქმეზე ბრალმდებელი პროკურორი იყო. ჩვენ ხელთ გვაქვს საბრალდებო დასკვნა, სადაც შოთაძე ითხოვს უვადო პატიმრობას. გარდა ამისა, გვაქვს ვიდეომასალა, სადაც ის აქტიურად მონაწილეობს პროცესში. არის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ თითქოს გვიჩიანის ადვოკატები აბსურდულ ვერსიას ვავითარებდით. მოგეხსენებათ, ჩვენ 2006-2007 წლებში ვითხოვდით დნმ-ის ანალიზის პასუხს. თავის სიტყვაში შოთაძე დნმ-ის ანალიზზე მსჯელობს და ამბობს, ბრალდების მხარეს არანაირი მოტივაცია არ გააჩნია დამალოს დნმ-ის ანალიზიო, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ის დამალული იყო "ნაციონალების" დროს და ეს შემდგომ აღმოვაჩინეთ. დღეს იმდენად დიდი სურვილი აქვს, რომ გახდეს მთავარი პროკურორი, გაბედა და პრემიერი ურცხვად მოატყუა, უთხრა, რომ იმ დროს რიგითი სტაჟიორი იყო და როგორც სხვა პროცესებზე, ასევე გვიჩიანის პროცესსაც მხოლოდ ერთხელ დაესწრო. ეს სიცრუეა. ვაცხადებ, შოთაძე ბრალმდებელი პროკურორი იყო. გარდა ამისა, ის არის ადეიშვილის პროკურორი და ვერანაირი გამართლება ვერ ექნება იმას, რომ დღეს აწინაურებენ ისეთ პირებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დატერორებაში მონაწილეობდნენ", - ამბობდა ჭკადუა.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომლითაც ირაკლი შოთაძე დაინტერესებული იყო, ვაზაგაშვილების საქმეა. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას იმ დროს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მუდმივად თვალს ადევნებდა და მედიასთან ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებებსაც სწორედ ის აკეთებდა. ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სოფელ ყარიფალაში იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე საათში გამოჩნდა. შოთაძემ გაიხსენა, რომ მან იური ვაზაგაშვილს პირობა მისცა, რომ მისი შვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებდა და მათ კანონის სრული ძალით დასჯიდა. ვინაიდან ირაკლი შოთაძეს იური ვაზაგაშვილთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, იმ დროს მთავარი პროკურორის მოადგილემ შემთხვევის ადგილზე ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა 2006 წლის მარტიდან დაიწყო. 2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძო და 2013 წლის 21 ნოემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და, წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.

ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა გამოხატეს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

ახალმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

მეტი დეტალი ირაკლი შოთაძის საქმიანობის შესახებ

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

სტატია მომზადებულია AMBEBI.GE-ს, "ინტერპრესნიუსის" და "კვირის პალიტრის" საარქივო მასალების მიხედვით.

სტატიაში გამოყენებულია "აიპრესის" ფოტო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."