"ალბათ, კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან ჩემსა და ბიძინა ივანიშვშილს შორის წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას, მაგრამ ეს სპეკულაციები სპეცულაციებად დარჩება და ამით დაინტერესებული ადამიანები საწადელს ვერ მიაღწევენ!" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალს" განუცხადა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"ასავალ-დასავალი": ცოტა ხნის წინათ იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ ხმების აგორება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილს რამდენჯერმე ვუთხარი, რომ საკუთარი ნათესავები პრობლემებს შეუქმნიდნენო. ამის შემდეგ იყო მთარვობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ითქვა, რომ ყველა, ვინც თანამდებობები დატოვა, პირადად თქვენი კადრები იყვნენ - ჭიკაიძე, ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი, ჩხენკელები და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში ვარ, როგორც იტყვიან, მტერი გავიმრავლე. იმიტომ, რომ ჩემი პრინციპებიდან და ცხოვრების წესიდან გადახვევა არ მჩვევია!
ჩემთვის კანონზე მაღლა არავინ დგას - ეს არაერთხელ განმიცხადებია და ჩემი საქმით არაერთხელ დამიმტკიცებია, რაც ყველაზე უკეთ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცის!
დიახ, ჩემთვის მთავარია სამართლიანობა, კანონიერება და ადამიანურობა - ამ პრინციპებზე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და ამ პრინციპებზე ვზრდი ჩემს შვილებს!
მიმაჩნია, რომ არცერთა თანამდებობამ და ძალაუფლებამ ადამიანური სახე არ უნდა დაგვაკარგვინოს!
სპეკულაციები და ტალახის სროლა, რასაც ამ თვეების განმავლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად მიზანმიმართული, ბინძური კამპანია იყო, მაგრამ, როცა პოლიტიკაში ხარ, ასეთი რამ არ უნდა გაგიკვირდეს და უნდა აიტანო კიდეც!
ალბათ, კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან ჩემსა და ბიძინა ივანიშვშილს შორის წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას, მაგრამ ეს სპეკულაციები სპეცულაციებად დარჩება და ამით დაინტერესებული ადამიანები საწადელს ვერ მიაღწევენ!