გოგა ხაჩიძემ, რომელიც პარტიიდან წასულ თანაგუნდელებს ვირთხებს უწოდებდა, პარტია თავადაც დატოვა. ხაჩიძემ ნაციონალური მოძრაობიდან გასვლის გადაწყვეტილება პავლე კუბლაშვილთან, გიორგი მელაძესა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად მიიღო.
უახლოეს წარსულში, პარლამენტის დეპუტატი ამბობდა, რომ პარტიაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ პარტიის დატოვებას არანაირი ფასის თუ ზეწოლის სანაცვლოდ და მათში სავარაუდოდ, საკუთარ თავსაც მოიაზრებდა.
"მე მინდა ვუთხრა მთელ უმრავლესობას, ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ გამორბიან ხოლმე", - აცხადებდა გოგა ხაჩიძემ.
თუმცა გუშინ საპირისპირო რამ მოხდა - ხაჩიძემ 3 თანაგუნდელთან ერთად, ზურაბ ჯაფარიძესთან, გიორგი მელაძესა და პავლე კუბლაშვილთან ერთად პარტია დატოვა.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, იგი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არჩევნებში გამარჯვებას გეგმავდა. ჯერ კიდევ გასული წლის 27 დეკემბერს, ჯაფარიძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ პარტია 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ გადარჩა, პარტია შეიცვალა და მომდევნო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება საღი და სწორი ხედვა იმისა თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას მიიღებენ.
მაგრამ გავიდა დრო და ჯაფარიძემ "ერთადერთი საღი აზრის" მატარებელი პარტია დატოვა. შესაბამისად, მომავალ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად "ვერ გაიმარჯვებს".
ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არჩევნებში გამარჯვებას იმედოვნებდა პავლე კუბლაშვილიც. როგორც დეპუტატი აღნიშნავდა, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც რჩებოდა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად და ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არჩევნებშიც აისახებოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსების აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ გახდა. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, სად გააგრძელებენ კარიერას ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, პავლე კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე.
ფაქტია, რომ ეს ადამიანები პარტიის ერთ-ერთ მთავარ სახეს წარმოადგენდნენ და მათში ბევრი რესურსიც იდებოდა. ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით პრეზიდენტობასაც აპირებდა, თუმცა, პრაიმერში დავით ბაქრაძესთან დამარცხდა.
ნიკა ჩხეიძე
AMBEBI.GE