არანაირი საფრთხე ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესს არ ემუქრება, თუ ნამეტანს არ იზამენ ჩვენი ოპონენტები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები ქვეყნის ინტერესებს აზარალებენ. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟი არასწორია", - აღნიშნა ჯანელიძემ.
რაც შეეხება თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ შესაძლოა რუსეთის კრიტიკული დამოკიდებულება იყოს იმის მიზეზი, რომ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი არ შედგა, ჯანელიძის თქმით, ეს განცხადება არასერიოზულია.
"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სრული აბსურდი. ასეთივე აბსურდული განცხადება გააკეთეს "თავისუფალმა დემოკრატებმა", როდესაც ისინი ოპოზიციაში წავიდნენ. თითქოსდა ქვეყნის დასავლური სურათი იცვლებოდა, ქვეყანა უარს ამბობდა ნატო-ში გაწევრიანებაზე და ხატავდნენ აპოკალიპტურ სცენარებს. ჩვენი ქვეყანა არის თანმიმდევრული თავისი კურსის განხორციელების პროცესში, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტრო არის თანმიმდევრული თავდაცვითი შესაძლებლობების გაფართოების კუთხით მუშაობაში", - აღნიშნა ჯანელიძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე "მაესტროს ცხრიანში" იმ მიზეზებსაც განმარტავს, რისთვის ირაკლი ალასანიას საფრანგეთში დაურეკა და უთხრა, რომ მემორანდუმზე ხელმოწერა გარკვეული პერიოდით გადაედო. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაარღვია პროცედურები, არ განახორციელა კორექტირება მისი წარმოდგენილი წინადადების და მთავრობას არ გააჩნდა საბოლოო წარმოდგენა, თუ რაზე უნდა ეწარმოებინა კონსულტაციები ალასანიას საფრანგეთში.
"არასდროს გამიკეთებია უარყოფა იმის, რომ ზარი განხორციელდა. არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. ამაზე დაიწყო საუბარი ბატონმა ალასანიამ. მისი საქციელი ამ შემთხვევაში არაკორექტულია. ეს ზარი შედგა იმის გამო, რომ მან არ დაიცვა პროცედურები და ამ ზარის განხორციელების მიზეზი იყო ის, რომ ბატონ ალასანიას გადაედო გარვეული პერიოდით მემორანდუმზე ხელმოწერა, რათა ჯერ პროცედურები ყოფილიყო დაცული, ხოლო შემდეგ მომხდარიყო ხელმოწერა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ზარის მიზეზი. საკითხი იყო ცნობილი მთავრობისთვის, მაგრამ საბოლოოდ საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული, რადგან გარკვეულ კორექტირებას მოითხოვდა ის წინადადება, რომელიც ალასანიამ წარმოადგინა. მას მიეცა მითითება, რომ ეს კორექტირება განეხორციელებინა, რაც მან არ გააკეთა და შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა საბოლოო წარმოადგენა იმის შესახებ თუ რის თაობაზე უნდა ეწარმოებინა კონსულტაციები მას საფრანგეთის სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფებთან. შესაბამისად, პროცედურების დაცვაში ვგულისხმობ იმას, რომ მას საბოლოო წინადადება უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" ახლა ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგებოდა კარგის გაკეთებას ქვეყნის თავდაცვისთვის. "ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. პირიქით, ჩვენ მოწადინებული ვიყავით მაშინაც და ახლაც და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი და ეს წესი და რიგი უნდა დაიცვას ყველა საჯარო მოსამსახურემ", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ამ მემორანდუმის ხელმოწერაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა. "პირიქით, ყველა მოწადინებული იყო და არის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რათა საქართველოს უფრო მეტი თავდაცვითი შესაძლებლობა გაუჩნდეს, მაგრამ ამავე დროს საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ვალდებულია იცოდეს, თუ რაზე აწარმოებს კონსულტაციებს მისი მინისტრი. ეს არის ჩვეულებრივი დადგენილი ნორმა და წესი. ეს იყო მარტივი და გასაგები მოთხოვნა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს არავინ არაფერს გადასცემს, საუბარია თავდაცვითი სისტემის შეძენაზე და არა გადმოცემაზე. "შეძენა შესაძლებელია იმის, რისი შეძენის შესაძლებლობაც გვაქვს. თავდაცვითი სისტემის გაფართოებაზე ვმუშაობთ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ შეზღუდულად", - განაცხადა ჯანელიძემ. მისივე თქმით, მსგავსი სახის კონსულტაციები წინა მთავრობის დროსაც იყო, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ახალი მთავრობის პერიოდში.