რენო სალენსი - ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა

რენო სალენსი - ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა

ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა. სალენსის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ელჩის თქმით, ქართულ მხარესა და ფრანგულ მწარმოებლებს შორის იყო მხოლოდ განხილვები, რომელიც ახლაც გრძელდება.

"გასულ წელს დაიწყო გარკვეული განხილვები საქართველოს მთავრობასა და ფრანგ მწარმოებლებს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას ტერმინზე "განხილვები", რადგან ქართული მხრიდან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა - არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არანაირი ვალდებულება და არაფერი მსგავსი. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ ის განხილვები, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, გრძელდება", - განაცხადა სალენსმა.

ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა. "მინდია ჯანელიძე სოლიდარული იყო საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე, როცა უსაფრთხოების საბჭოზე მას განვიხილავდით", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ იმედოვნებდა, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების გადაბარების შემდეგ ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს.

"ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ მეგონა ჩემი ჩამოცილების შემდეგ ხელისუფლება და მთავრობა მასზე უარს არ იტყოდა. არ დავფარავ, რომ მინდია ჯანელიძე, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკატორის როლს ასრულებდა, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილვების დროს სოლიდარულად იყო ამ თემისადმი განწყობილი და მას მხარს უჭერდა", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მტკიცებით, ამ დროისთვის საფრანგეთთან მის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის მოქმედების და მისი გაგრძელების ვადა ამოწურულია, რის გამოც "შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთთან მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა".

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლოა ეს საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე რუსეთის კრიტიკულ პოზიციას უკავშირდებოდეს, ალასანიას თქმით, "ძალიან ლოგიკურია, რომ აქ მიზანშედეგობრივი კავშირი დავინახოთ", მაგრამ მისივე განმარტებით, აღნიშნულ შეკითხვას პასუხი იმ დროებითმა კომისიამ უნდა გასცეს, რომლის შექმნასაც პარლამენტში მოითხოვენ.

ალასანიამ ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რატომ თქვა საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უარი მემორანდუმის გაგრძელებასა და ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველყოფაზე. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განმარტებით, ეს არის შეკითხვა, რომელზეც სურს, რომ პასუხი პარლამენტის დროებითმა კომისიამ გასცეს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."