მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ "პალიტრატვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, "ნატომ არ მიგვიღო და არც მიგვიღებს". "რაც არ მომწონს არ ვმალავ. თქვენ გგონიათ ის მომწონს, რომ ნატოში შევალთ? - ნატოში ვინ გვიშვებს ერთი ეს მითხარით. ნატოში შესვლა არ უნდოდათ ჩვენ წინამორბედებს? - 10 წელი ოცნებად იყო. არ მიგვიღო ამ ნატომ, არც მიგვიღებს, არ შეგვიშვებენ ნატოში. მე არ მომწონს, რომ ნატოა ჩვენი გეზი. არ გვიღებს ნატო. გაირკვა ყველაფერი ხომ? ხან მაპ-ი მოიგონეს, ხან ის. 15 წელია ვცდილობთ? რამდენი ხანი?!", - განაცხადა თოფაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, ნატო არ გვიღებს იმიტომ, რომ "იცის ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული პრობლემები". "ნატოსგან ნახეირები ქვეყანა მე ჯერ არ ვიცი", - დასძინა დეპუტატმა.
გარდა ამისა, გოგი თოფაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობით "ძალიან კმაყოფილია".
როგორც თოფაძემ განაცხადა, ხელისუფლების მთავარი მინუსი ისაა, რომ ვერ გააპიარა ის, რაც საქართველოში გაკეთდა.
"კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც საქართველოში გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენი მინუსი ისაა, რომ ვერ გავაპიარეთ ის, რაც გავაკეთეთ. მე უამრავი ახალი წარმოება ვნახე საქართველოში, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერიზებული თავიდან ბოლომდე - ღვინის ქარხნები ვნახე, ძალიან ბევრი კარგი სასტუმრო ვნახე. ეს ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ეკონომიკის აღორძინება 2 წელიწადში მოხდა", - აღნიშნა თოფაძემ.
ამასთან, თოფაძის ინფორმაციით, პარლამენტის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინ სთხოვა, რიგგარეშე სხდომა არ მოეწვია. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა მათი თხოვნა "რატომღაც არ გაიზიარა".
"დილით 11 საათზე შევიკრიბეთ ფრაქციის ხელმძღვანელები. გამოირკვა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობამ გუშინ სთხოვა პრეზიდენტს, იქნებ არ გამოაცხადო რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რადგან პარასკევს ქუთაისში უნდა ვიყოთ, მერე სამშაბათსაც იქ უნდა ვიყოთ. არც ასეთი ადვილია წახვიდე-წამოხვიდე. ამიტომ სთხოვა იქნებ გადავიტანოთო. ეს რატომღაც არ გაიზიარა პრეზიდენტმა. ჩვენ ხელმძღვანელობასაც ცოტა ეწყინა - ვთხოვეთ ნუ გამოაცხადებ ჯერ, ხვალ შევხვდებით და მერე დავთქვათ რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხიო და მაინც და მაინც არ გაუწია ანგარიში", - განაცხადა თოფაძემ, რითაც ის მიზეზი ახსნა, რის გამოც უმრავლესობამ პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადადო.
ამასთან, თოფაძემ უარყო ოპონენტების შეფასება, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუს პატივს არ სცემს და აღნიშნა, რომ "ეს ასე არ არის". "ერთი თუ ორი კვირის მერე როცა მოინახება საშუალება, შევხვდებით პრეზიდენტს", - დასძინა თოფაძემ.