რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის აზრით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღეძრა.
როგორც ჯავახიშვილმა "პალიტრა TV-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ამასთან დაკავშირებით მას საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა, თუმცა "ვერ დაითანხმა".
"არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. ამას კატეგორიულად ვითხოვდი და ბიძინა ივანიშვილთან კამათიც მქონდა. ვეუბნებოდი, ქადაგიძემ ჩაიდინა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება-თქო. შენ მერაბი ხარ, ნოდარი, თუ ბიძინა, არავის უნდა აპატიო დანაშაული. დანაშუალი არის ჩადენილი? - ის უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისივე შეფასებით, ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს.
"საბოტაჟის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ, თუმცა დოკუმენტურად დასაბუთება არ შემიძლია და თავს ვიკავებ განცხადებებისგან, რომ უდანაშულობის პრეზუმპცია არ დავარღვიო. ეჭვი არის, მათ შორის, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, შექმნილ ვითარებაში 350 მილიონით რომ გაზარდეს მიმოქცევაში ფული, რა მოიგო სახელმწიფომ?! იქნებ გვითხრან, სად წავიდა ეს ფული?! ეროვნულ ბანკს უნდა შეესწავლა, რა იწვევს მოთხოვნას დოლარზე, იქნებ სპეკულაციური მოთხოვნაა?! ჩაიხედონ შიგნით. ვინ ყიდულობდა და რისთვის ყიდულობდა?! 90-იან წლებში ზუსტად იგივეს აკეთებდა ეროვნული ბანკი. ის "უპრაგონოდ", გაუზომავად იძლეოდა სესხებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირდაპირ მოგცემ სესხს, თუ კომერციული ბანკის მეშვეობით. ზუსტად იგივე გააკეთა ახლაც ეროვნულმა ბანკმა. როცა არის შესაძლებლობა ეს შეაჩერო, რას ელოდები?! დაიქცეს ქვეყანა?!", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.