საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამ დროისთვის არ საუბრობს, იქნება თუ არა მმართველი ძალის ოპოზიციაში.
როგორც ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა არჩევანში განაცხადა, ამ საკითხზე ხვალინდელი პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.
"ხვალინდელი პოლიტსაბჭოს სხდომა რომ არ იყოს დანიშნული, ამ საკითხზე გავაკეთებდი განცხადებას. დაველოდოთ მოვლენებს. ჩემი გუნდით, "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად, საზოგადოებას რა სიტყვაც მივეცით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმის ერთგული ვიქნებით და ვინც ამას დაუპირისპირდება, იმის ოპოზიციაში ვიქნებით სულ", - განაცხადა ალასანიამ.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ხვალვე გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას.
ალასანიას თქმით, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება განხილვა, თუ როგორ აგრძელებს კოლიცია მოქმედებას. "დღეს მოვლენებს არ გავუსწრებ. ერთ რამეს ვიტყვი, ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სწორი გავაკეთეთ, როდესაც ერთ მუშტად შევიკარით და დავიწყეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მაგრამ დღეს უკვე ზღვარი გაევლო ყველაზე მაღალ ღირებულებას - სად დგას საზოგადოება და პოლიტიკური ძალები. დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი - ვაგრძელებთ რეფორმებს, ვუერთდებით ნატოს, ევროკავშირს და ქვეყნის მომავალს აქ ვხედავთ, თუ მართლაც არსებობს ქვეყანაში ძალა, რომელმაც შეიძლება გადაუხვიოს ამ ევროატლანტიკურ ღირებულებებს და თავისი ბედი დაუკავშიროს რუსეთს. ამ არჩევანის წინაშე ვხედავ ჩვენს საზოგადოებას. ამაზე სერიოზული სამსჯელო გვაქვს კოალიციას და სწორედ ამაზე შედგება მსჯელობა ხვალ. რა შედეგით დასრულდება, ხვალ გახდება ცნობილი",-განაცხადა ალასანიამ.
თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ირაკლი ალასანია