ლელა კილაძის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც მის გარშემო გავრცელდა, ლელა კილაძის დაბადების დღის საჩუქარია. ამბობენ, რომ 2009 წელს ყოფილმა მეუღლემ, გიგი უგულავამ კილაძეს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა და ლეგენდარული დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის ქუდი აჩუქა, რომლის ფასიც 50 000 ევროა. მეორე სკანდალი ლელა კილაძის მშობიარობას უკავშირდება. ლელა კილაძემ ვაჟი, ალექსანდრე ვენაში გააჩინა, სადაც უგულავების ოჯახი მეგობრებთან ერთად იყვნენ ჩასული, ქართველები ვენაში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში "ზაჰირი" 5 დღით დაბინავდნენ. ავსტრიაში გადამოწმებული ინფორმაციით, ეს ვოიაჟი და უგულავას მემკვიდრის დაბადება 22 000 ევრო დაჯდა. უგულავამ 2011 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ხარჯები 12 000 ლარად გაატარა.
ქალაქის ყოფილი პირველი ლედის, ლელა კილაძის კარიერა "რუსთავი 2"-ში დაიწყო, სადაც ვიზაჟისტად მუშაობდა. შემდეგ სააკაშვილის პირადი ვიზაჟისტი გახდა, ამის შემდეგ კი მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მისი და გიგი უგულავას რომანიც სწორედ მერიაში დაიწყო. ამის გამო კილაძე მერიიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა სამუშაოდ. ლელას და გიგის წინა ქორწინებებიდან 2 შვილი ჰყავდათ, უგულავას - გოგონები, ლელას კი ვაჟები.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და გაფორმებას სწორედ ლელა კილაძე განაგებდა.
გაქცეული ბიზნესმენი ბესო მარგიანი დღემდე ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას პროკურატურაში, ის ელიტური კორუფციის ფაქტებს ამხელს და ამბობს, რომ გასართობი ღონისძიებებიდან გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე ე.წ. "ატკატებს" იღებდა. მარგიანი თბილისის მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი იყო, მას ევალებოდა ქალაქის გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. მარგიანი დაყადაღებული ქონების დაბრუნებას და იმ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც ქვეყანა დაატოვებინა. მარგიანის განცხადებით, ურთიერთობა მერიასთან მაშინ დაეძაბა, როცა იმ თანხების ბუღალტრულად გატარება მოითხოვა, რომელსაც ლელა კილაძეს ე.წ. "ატკატის" სახით აძლევდნენ. მარგიანის ბრალდებებს მოგვიანებით, გიგი უგულავამ სისულელე უწოდა და განაცხადა: "ახლა იმდენი "დეტი ლეიტენანტა შმიტა" გამოჩნდება, რომელიც ათას რაღაცას ჩივის. სისულელეა, რომ ჩემი მეუღლე აკონტროლებდა ქალაქში გამართულ ღონისძიებებს".
Ambebi.ge შეეცადა გუკა რჩეულიშვილის ცოლის, ლელა კილაძის ქონების შესახებ შეეგროვებინა ინფორმაცია. თუ მისი დეკლარაციით ვიმსჯელებთ, უგულავების ოჯახი მდიდარი არ არის. უფრო მეტიც, თუ მხოლოდ დეკლარაციით ვიმსჯელებთ, ლელა კილაძე მაშინ უფრო მეტი ქონების მფლობელი იყო, როდესაც ნიკოლოზ მაჭარაძეზე იყო დაქორწინებული. 2007 წელს ის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ, მისი შემოსავალი დეკლარაციის მიხედვით, 11740 ლარით არის განსაზღვრული. იმავე დროს მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც მისი შემოსავალი შეადგენდა 10450 ლარს. ლელა კილაძის სახელზე მაშინ ორი ავტომობილი იყო გაფორმებული, ერთი ML-ის მარკის ავტომობილი, ნომრით SAK 002 და რენო ტვინგო GSG 222, ორივე ავტომობილის მაშინდელი საბაზრო ღირებულება შეადგენდა 22 000 დოლარს. ლელა კილაძის სახელზეა გაფორმებული წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 50 კვ.მ სახლი.
2008 წლის 29 აპრილს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ლელა კილაძემ სამსახური შეიცვალა და კულტურის სამინისტროში კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ML-ის მარკის ავტომობილი 8 000 დოლარად გაყიდა და მის ნაცვლად 20 000 დოლარად შეფასებული როვერ მინი კუპერი შეიძინა.
2010 წლის დეკლარაცია ნაკლებად საინტერესოა. ლელა კილაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იყო. მეუღლეს დაშორებული გახლდათ. მაშინდელი მონაცემებით, მისი ქონება მხოლოდ ბინით და როვერ მინი კუპერით შემოიფარგლებოდა. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ახალ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 50915 ლარი შეადგინა.
2011 წელს გამოქვეყნებული ლელა კილაძის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი არ არის ჩართული სამეწარმეო საქმინობაში.
ლელა კილაძეს, "საქართველოს ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე 14000 ლარი ერიცხებოდა. ოჯახს სხვა ქვეყნის საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიში არ აქვს გახსნილი.
გრაფაში: თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, მხოლოდ ლელა კილაძე ფიქსირდება 5000 ლარით. 2012 წელს კი აღნიშნული თანხა 6 ათას ლარს შეადგენს. შესრულებულ სამუშაოში კი ლელა კილაძეს 2011 წელს - 40023, 2012 წელს კი 41770 ლარი აქვს აღებული.
რაც შეეხება ლელა კილაძის 2013 წლის დეკლარაციას, მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება წყნეთის გზატკეცილზე მდებარე სახლია. ავტომობილის გრაფაში კი "როვერ მინი კუპერი" აქვს მითითებული. საქართველოს ბანკში მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 2000 ლარი. მის საკუთრებაში იყო ნაღდი ფული 4000 ლარის ოდენობით. კულტურულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის პოზიციაზე მუშაობიდან კი ხელფასის სახით მიღებული აქვს 49450 ლარი.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge