საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი "ალიასთან" საუბარში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ის ასახელებს "ქართული ოცნების" იმ დიდ დანაშაულს, რის გამოც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70-მა პროცენტმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და ამით საკუთარ გუნდსაც უპირისპირდება:
- ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა, ბევრმა შვილი დაკარგა, ბევრმა - ქმარი, ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. იყო გაუპატიურებები, მკვლელობები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დროს ჭირდება, ასეთი ლოიალობისა უკვე აღარ მჯერა. არ მინდა, ისეთი ლოიალობითა და სულის შებერვით კეთდებოდეს საქმე. ჩვენი მოსახლეობა სწორედ ამაზე ღიზიანდება.
- როგორ ფიქრობ, არჩევნებში დაბალი აქტივობა სწორედ ამაზე მიანიშნებს?
- მე გეტყვი, რა რაზე მიანიშნებს: იყო საპარლამენტო არჩევნები, ხალხის ძალას ვერავინ ვერ დაუდგა წინ. აღარ მოვყვები დეტალურად, რა მოხდა, როგორ მოხდა, ეს ყველამ იცის. ჩვენი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა, ამაზე მიდიოდა ლაპარაკი და უკვე ვთქვი, ყველაფერს დასაბუთება სჭირდება-მეთქი, მაგრამ ვერ გამიგია, იმას რა უშლის ხელს, რომ გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო, სამშობლო და გარკვევით თქვას: ვინც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში დაზარალდა, ყველას დაუბრუნდება ქონება, ყველა დამნაშავე დაისჯება, იმედი გქონდეთ, ცოტა ხანს კიდევ გვაცალეთო. ძალიან ბევრი ფაქტია, როცა წინა ხელისუფლებამ ადამიანებს წაართვა სახლები და დღეს არის სახელმწიფო ბალანსზე, ყველამ იცის, რომ ეს მავანის საკუთრებაა. თუ მე ჩამომართვეს რაღაცა და ამჟამად არ არის გაყიდული, რა გვიშლის ხელს, რომ ეს დაუბრუნდებს მფლობელს?
- ამას მე იქით უნდა გეკითხებოდე და აქეთ მეკითხები?
- მაგაზეც გიპასუხებ... ასეთი ქონება არის ათასობით. თუ ამას დავაბრუნებთ, სახელმწიფო საერთოდ არ ზარალდება, ხალხს ხომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამოისუნთქოს? ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ კეთილსინდისიერ მყიდველებზე, რა ვქნათ, კაცი მეხუთე პირია, ქონება იყიდა, როგორ ჩამოვართვათო? მე ამათ კეთილსინდისიერ მყიდველებს ვერ დავარქმევ, მაგათ ვეძახი კეთილმოტ...ნულ მყიდველებს. როცა ადამიანმა იცის, რა ქვეყანაში ცხოვრობდა, რა ქვეყანაში ცხოვრობს, საქართველო რომ პატარაა, ვიღაცამ ვიღაცას რომ წაართვა, ამით თავს ვერავინ გაიმართლებს. საქართველოში მოქმედებს მგეობრობის კანონი, ნათესავების კანონი, შეიძლება შენ იურიდიულად კეთილმოტ...ნული იყო, მაგრამ მაინც უნდა დაფიქრდე: ბიჭო, ეს ქონება ხომ მავანისა იყო, მე რომ ვყიდულობ იაფად და ლამის მუქთად ვიგდებ ხელში, შემერგება? ახლა ვთქვათ პირდაპირ, რა მოხდა, ამან გამოიწვია ნიჰილიზმი, ადამიანები არჩევნებზე რომ არ მოვიდნენ. ამ ადამიანებს ერთი მხრივ ვამართლებ, მეორე მხრივ - ვაკრიტიკებ, მე მათი მესმის, მაგრამ თუ არჩევნებზე არ მოხვალ, "ნაციონალებისგან" როგორ გავწმინდო ეს ქვეყანა? ვინც მე დამდევდა, ვინც მე "დუბინკას" მირტყამდა, ამ ხალხის ნაწილი ისევ თანამდებობაზე მუშაობს.
მე ყველაფერი გითხარი... ამას ვერ ვუწოდებ გუნდს. ნება იბოძონ და წესიერად შეარჩიონ კადრები, წესიერად მოექცნენ ერთმანეთს, ხალხს მიაქციე ყურადღება და 100 კაციდან მხოლოდ 20 არ მოგივა არჩევნებზე. თუნდაც იმაზე ვიტყვი, ერთი ამბავი რომ ატეხეს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, ამ კანონის მიღებამდე, ორი დღით ადრე, საბურთალოზე 15 წლის ბიჭი სამმა ერაყელმა რომ იხმარა და ჩვენმა ტელევიზიებმა გადასცეს, სად იყო მაშინ ჩვენი საზოგადოება? სამ დღეში ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიგვეღო... აბა, გამოსულიყო 200 ათასი კაცი და პასუხი მოეთხოვა იმ 3 ერაყელისთვის. მერე აღმოჩნდა, თურმე ესენი აგენტებიც ყოფილან. გელა, გეკითხები, სად იყო საზოგადოება? მე თავს არ ვიმართლებ, სად იყო საზოგადოება მაშინ, როცა ზურაბ ქარუმიძემ სიზმარში ნახა, როგორ ჩიჩნლავდნენ კაცები ერთმანეთს ღვთისმშობლის ეკლესიაში და ამაზე რომანი დაწერა. როცა ეს ადამიანი სიზმრიდან გამოვიდა, მაინც თავს იმართლებდა, ეს შედევრია და ელჩობაც მინდაო. მაშინ მე ავტეხე ამბავი, მაგრამ ძალიან ბევრი ტალახი დამასხეს თავზე. გეგონება, მარტო სოსო ჯაჭვლიანისა იყო ის ღვთისმშობლის ეკლესია. მაშინ სად იყო საზოგადოება? ან მაშინ სად იყო საზოგადოება, როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, დილიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა სამღვდელოება, დაწვეს სააკაშვილის სურათი, შევარდნაძის სურათი, ბიძინა ივანიშვილის სურათი, შემოვიყვანეთ მღვდლები, ვისაუბრეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი გავარკვიეთ, როგორც საჭირო იყო. გავიდნენ გარეთ და გეგონება, ატომური ბომბი ესროლესო, ისე დაიშალა ყველა.