ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მასპინძლობისათვის, 2014 წლის 4 აპრილს, რესტორანში 2350 ლარი დახარჯა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სარესტორნე მომსახურებისთვის თანხა ინდმეწარმე "ომარ ნონიაშვილს" ჩაერიცხა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოითხოვა ინფორმაცია, რა იყო სტუმრების ვიზიტის მიზანი, ვახშამის მენიუ, სტუმრების ჯგუფის შემადგენლობა, რომლის გაცემაზეც უარი ეთქვა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - ეკონომიკური სამსახურის უფროსის არსენ ბუღრიძის განმარტებით, საფინანსო სამსახურში არ აქვთ ინფორმაცია სტუმრების ვინაობის, ვიზიტის მიზანის და მენიუს შესახებ.
"გამგებლის ბრძანებით დაგვევალა თანხის გადარიცხვა ინდმეწარმე "ომარ ნონიაშვილისთვის" 2350 ლარის ოდენობით და გადავრიცხეთ. "ომარ ნონიაშვილისგან" მხოლოდ ზედნადები გვაქვს მიღებული, სადაც მითითებულია, რომ თანხა სარესტორნე მომსახურებისთვის უნდა ჩაგვერიცხა", - აღნიშნა არსენ ბუღრიძემ.
ინდმეწარმე ომარ ნონიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუმარტა, რომ 4 აპრილს გამგეობიდან შემდეგი შეკვეთა მიიღო: 41 შემწვარი წიწილა; 41 ღორის მწვადი, გოჭის ხორცი, ცხვრის ჩაქაფული, ხბოს ხორცის ჩაშუშული, ალაზნის ლოქო, სალათები, პური, ღვინო და ა.შ. კითხვაზე, რატომ არ მიაწოდა გამგეობას მენიუ, ომარ ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის მენიუს მიწოდება და პროდუქტის გაშიფვრა არ მოუთხოვიათ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი, 4 აპრილს, ახმეტაში, ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით დაესწრო. თამაზ თამაზაშვილი 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გამართული შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო. პრემიერის სიმამრს თან ახლდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, ასევე ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
ოფიციალური ინფორმაციით, 2013 - 2014 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 74 298 ლარი დაიხარჯა სარესტორნე მომსახურებისთვის, საჩუქრების შესაძენად, სტუმრების პატივსაცემად.