სამწუხაროდ, არჩევანი არ იყო ფართო და ეტყობა, ტრადიციაც მოქმედებს, - ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი იმ ფაქტს, რომ სახელისუფლო კოალიციამ მერის თანამდებობაზე ასარჩევი 12 კანდიდატიდან 12-ვე მამაკაცი დაასახელა.
"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, ანალოგიური გამეორდება თუ არა გამგებლების კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც 59-ს შეადგენს.
როგორც გია ვოლსკი განმარტავს, "მაინც და მაინც მამაკაცების შერჩევა "ქართული ოცნების" თვითმიზანი არ არის".
"საერთოდ, როგორც ჩანს, გენდერული ბალანსის საკითხი ქართულ პოლიტიკაში უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს. სამწუხაროა, რომ მერობის კანდიდატთა შორის ქალების შემადგენლობა არ არის. იმედია, გამგებლებს, თბილისის საკრებულოს წევრებს შორის ქალები გამოჩნდებიან. ამასთან, ეს ის პრობლემა არ არის, რომელიც "ქართულ ოცნებას" ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს. პრობლემა არის ქვეყნის მასშტაბით და ამ საკითხებზე აუცილებლად ვიმუშავებთ. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში რამდენიმე მდივანია, მათ შორის ერთი - მანანა კობახიძე ქალთა საკითხებზეა კონცენტრირებული. იმედი მაქვს, უკვე მომავლისთვის ქალები აქტიურად გამოჩნდებიან. ქალებმაც უნდა იაქტიურონ, ხელოვნური შერჩევა ხშირ შემთხვევაში არ გამოდის, მაგრამ დაბალ რგოლზე, პარტიულ ორგანიზაციებში უნდა წამოვწიოთ ქალი კანდიდატები. სამწუხაროდ, არჩევანი არ იყო ფართო და ეტყობა, ტრადიციაც მოქმედებს - ქალები ცოტანი არიან პოლიტიკაში, რაც სამწუხაროა. პოლიტიკური პარტიის თვითმიზანია არ არის მაინცა და მაინც მამაკაცები ჰყავდეთ. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, სულ ცოტა ხანში, თუნდაც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მანდილოსნები თავის სიტყვას იტყვიან და მყარად დაიმკვიდრებენ ადგილს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გენდერული ბალანსის დაცვის მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობა და "მოქალქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი პარტიებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს, "თუკი მათ საარჩევნო სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლები იქნებიან". ეს თანხა გაიზარდა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით - კერძოდ, "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ძალაში შედის მუხლი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, მიიღებს დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის წარმომადგენილი იქნება, სულ მცირე - 30%-ით".